„სვეტის“ მიერ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება
„სვეტის“ მიერ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია მ2 განახორციელებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემების მოგვარებაში – საინიციატივო ჯგუფი, შესაბამისი უწყებები. აქ მარტო დედაქალაქის მერია, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებდა ამ უდიდეს პრობლემას. აქ ჩართული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველას უკლებლივ მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და ათასობით ადამიანის გახარებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, დაახლოებით სამი წელი დასჭირდება კომპანიას, რომ დაზარალებულები მთლიანად დააკმაყოფილოს.

„ეტაპობრივად დაიწყება სამუშაოების განხორციელება. დაახლოებით სამი წელი დასჭირდება კომპანიას, რომ მთლიანად დააკმაყოფილოს ეს ადამიანები. დაახლოებით 250 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მ2-ს თანამშრომლობისთვის, რომ შევძელით ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების გაგრძელება და ადამიანების დაკმაყოფილება.

დრეს ორ საათზე გვექნება ღონისძიება, სადაც უკვე ოფიციალურად ვიწყებთ უშუალოდ მშენებლობას. სამი კონკრეტული მისამართია – მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩები. ეტაპობრივად დაიწყება სამუშაოების განხორციელება. დაახლოებით სამი წელი დასჭირდება კომპანიას, რომ მთლიანად დააკმაყოფილოს ეს ადამიანები. დაახლოებით 250 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მ2-ს თანამშრომლობისთვის, რომ შევძელით ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების გაგრძელება და ადამიანების დაკმაყოფილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი პრობლემები სხვა სამშენებლო კომპანიებით დაზარალებულებთან დაკავშირებით და მერია ამ მიმართულებითაც მუშაობს.

„კიდევ შემიძლია დავასახელო პრობლემები. მაგალითად, „ცენტრ პოინტის“, სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულები. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მჯერა, იგივე პროცესები წავა, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნა მოგვარებული და მოწესრიგებული ყველაფერი. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ვისაც თანხები აქვთ გადახდილი, ვინც უკვე რამდენიმე ათეული წელია, ელოდება საცხოვრებელ ბინებს, მათ სახეზე, მათ ოჯახებში დავაბრუნოთ სიხარული და ბედნიერება იმ გადაწყვეტილებებით, რომლითაც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიას შესაძლებლობა ექნება, გააგრძელოს სამუშაოები და ეს ადამიანები იქნენ საკუთარი ბინებით დაკმაყოფილებულნი“, – განაცხადა კახა კალაძემ.