კახა გვანცელაძე - ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ 109-ე ბაგა-ბაღის შენობა პრაქტიკულად, დემონტაჟს ექვემდებარება
109-ე ბაგა-ბაღის შენობასთან დაკავშირებით დასკვნა სამხარაულის ბიუროდან გუშინ შუადღისას მივიღეთ, რის შემდეგაც რეაგირება მყისიერად მოვახდინეთ, – ამის შესახებ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძე პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დასკვნაში წერია, რომ ბაგა-ბაღის შენობა ავარიულადაა მიჩნეული, სასწავლო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირება მიზანშეწონილი არ არის და შენობა პრაქტიკულად, დემონტაჟს ექვემდებარება“, – განაცხადა გვანცელაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ბაღის შენობა იმდენად მძიმე მდგომარეობაში, რომ იქ ბავშვების ყოფნა თუნდაც ორშაბათამდე არ შეიძლებოდა, რათა ამ პერიოდის განმავლობაში მშობლების გაფრთხილება მომხდარიყო, კახა გვანცელაძემ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა 16:00 საათზე მიიღეს და 17:00 საათზე ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ ამბავი უკვე იცოდა.
„დასკვნა გავაცანით ასევე მშობლების უდიდეს ნაწილს, რომლებსაც ბავშვები ბაღიდან ჯერ გაყვანილი არ ჰყავდათ. ანუ, მათთან კომუნიკაციისთვის დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ, მაგრამ ბავშვების შენობიდან გაყვანის პროცესის დაყოვნების უფლება არანაირად არ გვქონდა, რადგან დასკვნაში წერია, რომ სახიფათო მდგომარეობაა და ასეთი ტიპის შენობაში ბავშვების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერანაირად ვერ იქნება“, – განაცხადა გვანცელაძემ.
როგორც კახა გვანცელაძემ აღნიშნა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სანდოობის ხარისხი ძალიან მაღალი აქვს და დიდი ალბათობით, განსხვავებული დასკვნა არ დაიდება, მაგრამ რადგან მშობლების გარკვეული ნაწილი ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს, ბაღების სააგენტო პროცესში მონაწილეობისთვის და გარკვეული ხარჯების გაწევისთვის მზად არის.