ჯორჯ კენტი - საქართველოში არსებული პოლიტიკური დრამა აჩვენებს, რომ მსგავსი საკითხები, ასევე რუსეთის მიერ ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, აბრკოლებს საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებების წინ წაწევას
საქართველო წლების განმავლობაში შეეცადა, ეჩვენებინა, რომ ისინი მხოლოდ უსაფრთხოებას არ ითხოვენ ნატო-სგან, არამედ მზად არიან, წვლილი შეიტანონ კოლექტიურ უსაფრთხოებაში, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.
„როდესაც ვსაუბრობთ ნატო-ზე სამხრეთ კავკასიაში, მაშინ უნდა ვისაუბროთ საქართველოზე. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს მისიაში ავღანეთში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მისიაში. ის არის სიდიდით მეოთხე კონტრიბუტორი და ნომერ პირველი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. საქართველო წლების განმავლობაში შეეცადა, ეჩვენებინა, რომ ისინი მხოლოდ უსაფრთხოებას არ ითხოვენ ნატო-სგან, არამედ ისინი მზად არიან, წვლილი შეიტანონ კოლექტიურ უსაფრთხოებაში. საქართველოს 30-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის მისიაში და ასობით დაიჭრა. საქართველოს მუდმივად სურს, რომ ნატო იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ასე რომ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ნატო-ზე ვსაუბრობთ, დისკუსიის მთავარი თემა არის საქართველოს მისწრაფებები. თუმცა, მე არაერთხელ მითქვამს საქართველოს ოფიციალურ პირებთან – გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ იმის ჩვენება, რომ მზად ხარ და შეგიძლია, იბრძოლო ნატო-ს სამხედროებთან ერთად, არ არის საკმარისი ალიანსში გაწევრიანებისთვის. ნატო არის საერთო ღირებულებების მქონე მოკავშირეების ალიანსი. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური დრამა აჩვენებს, რომ მსგავსი საკითხები აბრკოლებს საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებების წინ წაწევას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.
ამავე განცხადებაში კენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთისა და თურქეთის მიერ ინიცირებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა და განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონულ კონფლიქტებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და მათ გადაჭრას არ ცდილობს.
„ჩვენ ისევ ვუბრუნდებით თურქეთისა და რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის პლატფორმას, „3+3“-ს, რომლის კონცეფციის მიხედვითაც, ამ პლატფორმაში მონაწილეობს რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი. ამავე დროს რუსეთი ეწინააღმდეგება და არ ასრულებს 2008 წელს სარკოზის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ სრულ ჰუმანიტარულ წვდომას, რაც მოსკოვს არ გაუკეთებია. ასევე, მოსკოვი არ ასრულებს ამავე შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, რომ რუსეთი გაიყვანს ძალებს 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე. ეს ნათლად აჩვენებს რუსეთის მხრიდან მომავალ გამოწვევებს. რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ამისთვის არსებობს მექანიზმი და ის დაკავშირებულია ეუთო-სთან. ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლის 44 რაუნდის შედეგად, ეს მოლაპარაკებები არის მცდელობა, დაარწმუნონ რუსეთი, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ეს ძალიან ჰგავს იმ დისკუსიებს, რომელიც 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის საკითხზე. 1999 წელს პრეზიდენტმა ელცინმა სტამბოლის სამიტზე დადო პირობა, რომ რუსეთის სამხედროები დატოვებენ დნესტრისპირეთს, ასევე ექვსი წლის წინ რუსეთმა დადო პირობა, რომ გავა უკრაინიდან. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რა კოლექტიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც ვცდილობთ, რეგიონში მშვიდობიანი კეთილდღეობა უზრუნველვყოთ და მთავარი ხელისშემშლელი არის რუსეთი. ასე რომ, თუ ვისაუბრებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, ჩვენ ყველა მივესალმებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მე ვვარაუდობ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში აზერბაიჯანის ხელისუფლების უკმაყოფილება გაიზრდება, რადგან გამოჩნდება, რომ რუსი სამხედროები უფრო დიდი ხნით აპირებენ დარჩენას მთიან ყარაბაღში და როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ თქვა გასულ ნოემბერში – ის, რაც ყარაბაღში ხდება, არის ის, სადაც საქართველო იყო 1998 წელს. ცოტა ხანში აზერბაიჯანი იქნება იქ, სადაც ჩვენ აღმოვჩნდით 2008 წელს და შემდეგ აზერბაიჯანი იქნება იქ, სადაც ახლა ჩვენ ვართ. ეს ცოტა პესიმისტურია, მაგრამ რეალისტურია და აჩვენებს, თუ როგორ მანიპულირებს რუსეთი კონფლიქტებით და მათ საკუთარი სარგებლისთვის იყენებს, ისე, რომ რეალურად მათ გადაჭრას არ ცდილობს“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა.