ჯორჯ კენტი - ინფრასტრუქტურული დერეფნის ხელშეწყობა მუდმივად იყო ამოცანა, რათა დავხმარებოდით საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, აშშ განაგრძობს დემოკრატიული სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერას
ჯორჯ კენტი - ინფრასტრუქტურული დერეფნის ხელშეწყობა მუდმივად იყო ამოცანა, რათა დავხმარებოდით საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, აშშ განაგრძობს დემოკრატიული სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერას

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს დემოკრატიული, განვითარებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერას, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ეს არის აშშ-ის სტრატეგიული ინტერესი.

„ასეთი გახლდათ აშშ-ის პოზიცია საბჭოთა კავშირის დაშლიდან და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. ეს არის სამი შედარებით ახალი სახელმწიფო. ისინი იბრძოდნენ საკუთარი იდენტობისთვის სამ იმპერიას შორის. იქნება ეს მოსკოვის, სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერია, თუ რუსეთი, საბჭოთა კავშირი, ირანი და თურქეთი. სახელები იცვლება, მაგრამ ტრადიციული გარე გავლენების სამკუთხედი რჩება უცვლელი. ეს გეოგრაფია განსაზღვრავს ზოგიერთ არჩევანსა და შესაძლებლობას სამივე ქვეყნისთვის. ამიტომ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინფრასტრუქტურული დერეფნის ხელშეწყობა მუდმივად იყო აშშ-ის სტრატეგიული ამოცანა, რათა დავხმარებოდით ამ ქვეყნებს წარმატების მიღწევაში. ვგულისხმობ რკინიგზას, ნავთობსადენებს თუ ბუნებრივი აირის მილსადენებს, ტრანსპორტს, ღრმაწყლოვან პორტებს. ამ ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა, ერთი მხრივ, არის რეგიონული თანამშრომლობა და მეორე მხრივ, შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებმა თავი დააღწიონ ისტორიულ ბედისწერას, რომელიც მუდამ დაკავშირებული იყოს დიდ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ამავე დისკუსიაზე ამერიკელმა დიპლომატმა ისაუბრა მთიან ყარაბაღში ომის შემდეგ რეგიონში შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ-ი არ ეთანხმება თურქეთისა და რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის პლატფორმას, სახელწოდებით „3+3“.

„ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში გეოპოლიტიკა იცვლება. ჩვენ ვხედავთ ტრადიციულ ძალებს, მათ შორის თურქეთსა და რუსეთს, რომლებიც გამოდიან იდეით, რომელსაც მიესალმა ირანიც. საუბარია „3+3“-ის ჩარჩოზე. ეს გახლავთ განსხვავებული ხედვა იმისგან, რის წინ წაწევასაც უკვე 30 წელია, ცდილობს დასავლეთი და აშშ-ი. ეს ასევე ცვლის ჩარჩო მიდგომას რეგიონული საკითხებისადმი. ჩვენ და ყველა ეს ქვეყანა, ირანის გარდა, ვართ ეუთო-ს წევრები, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას. სწორედ ეს იყო სამხრეთ კავკასიაში არსებულ საკითხებზე სამუშაო ჩარჩო. ე.წ. 3+3 წინადადება წარმოადგენს ძალიან განსხვავებულ ხედვას. ის თამაშგარე მდგომაროებაში ჩააყენებს აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს. ამ შემთხვევაში ხშირად განმსაზღვრელი იქნება რეგიონის დიდი სახელმწიფოების ინტერესები და მათი სარგებელი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ეუთო-ს ე.წ. მინსკის ჯგუფის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიანი ყარაბაღის მომავალ სტატუსზე ამ ჯგუფის დახმარებით და ამ ჩარჩოში უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

აშშ-ი გააგრძელებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მუშაობას, რათა მათ წარმატებას მიაღწიონ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობით, რაც უზრუნველყოფს ამ ქვეყნების წარმატებას, რათა ეს ქვეყნები უფრო მეტად იყვენენ ანგარიშვალდებულები საკუთარი ხალხის წინაშე, სამართლიანობა მოუტანონ ხალხს, მოიზიდონ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გააძლიერონ უსაფრთხოება. უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუ როგორი მიდგომა უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ სტატუსთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი შეიძლება, დავინახოთ გამარჯვებულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კრიზისი გადაიჭრა. ასევე იყო პირველი ომის შემდეგ, როდესაც სომხეთმა გაიმარჯვა. ამ დრომდე ამ კონფლიქტზე მოლაპარაკებების ჩარჩო იყო ეუთო-ს თანათავმჯდომარეების ჯგუფი, რომელიც ახლა გამოწვევების წინაშეა. ვფიქრობ, ეს მექანიზმი იქნება გადამწყვეტი, ვიდრე ქვეყნების ნებაა, რომ ეს მექანიზმი მათ დაეხმაროს შეთანხმების მიღწევაში. კიდევ ერთ ღია საკითხს წარმოადგენს რუსეთის განზრახვა. მათ აირჩიეს, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის გარეშე შეთანხმებულიყვნენ ორ ქვეყანასთან ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე. ეს ღია კითხვად რჩება. ამ დროისთვის აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ მოწოდებულნი არიან, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას და ამ პროცესში ჩართული იყოს ეუთო-ს მინსკის ჯგუფი. აშშ კვლავ ერთგული და მოწადინებულია, რომ დაეხმაროს ქვეყნებს წინ წაწევის გზების მოძიებაში. ეს კი ასევე ხსნის გზას სხვა შესაძლებლობებისკენ. მათ შორის არის თურქეთისა და სომხეთის შეთანხმება, რომელიც პირველად 2009 წელს შედგა და ის კვლავ არ არის რეალიზებული. ამის მიზეზი იყო, რომ აზერბაიჯანი ამბობდა, ვიდრე სომხეთს, მთიან ყარაბაღთან დაკავშირბულ ეთნიკურად სომხურ სამხედრო ძალებს ოკუპირებული აქვთ ჩვენი შვიდი რაიონი, მაშინ წინ ვერ წავიწევთ. ახლა ასეთი სიტუაცია აღარ არის. ასე რომ, ეს აჩენს შესაძლებლობას, შეიძლება არა ახლა, შეიძლება არა წელს, მაგრამ ეს ხნის შესაძლებლობას 2009 წლის შეთანხმების რეალიზაციისკენ“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

დატოვე კომენტარი