გიორგი შარაშიძე - ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილია, მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს ამერიკასთან ურთიერთობაში რაღაცას განსაკუთრებულს აკეთებს
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილია, მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს ამერიკასთან ურთიერთობაში რაღაცას განსაკუთრებულს აკეთებს.
გიორგი შარაშიძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამერიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ამერიკასთან მიმართებაში რაიმე შედეგზე საუბარი ნაადრევია.
დეპუტატის თქმით, წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „ოცნება“ საზოგადოებას ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას ჰპირდებოდა, მაგრამ არათუ გადატვირთვა არ მომხდარა, არამედ სტრატეგიული ურთიერთობა უფრო დაბალ ნიშნულზეც ჩამოდის.
„ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილია, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს რაღაცას განსაკუთრებულს აკეთებს. ჩვენც გვინდა, რომ გაკეთდეს და დაინტერესებული ვართ, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა აღდგეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებული დონე საკმარისი არ არის. იყო დრო, როცა რეგიონში მეზობლები ჩვენზე აკეთებდნენ სწორებას, მაგრამ დღეს ჩვენ გვიწევს, მათ შევხედოთ. მათ ვიცე-პრეზიდენტების და პრეზიდენტების დონეზე აქვთ ურთიერთობა. ამიტომ, ვნახოთ. შედეგი ჯერ არ არის და უახლოეს პერიოდში არ იქნება, განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა შარაშიძემ.