ზაალ უდუმაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობა მკაფიოდ ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ველოდებით ამ ნაბიჯს
ზაალ უდუმაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობა მკაფიოდ ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ველოდებით ამ ნაბიჯს

ჩვენ ველოდებით, ხელისუფლება როდის გადმოდგამს ნაბიჯს, რათა მივიდეთ გარკვეულ შეთანხმებამდე, რომ საპარლამენტო მუშაობა ნორმალურად გაგრძელდეს და ქვეყანაში დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შეგვიყვანა ხელისუფლებამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ბუნებრივია, ოპოზიცია თავის პასუხისმგებლობას არ გაურბის და პასუხისმგებლობით ეკიდება ამ პროცესებს, მაგრამ ბუნებრივია, ყველა განცხადებაში, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო მეგობრებისგან, არის ძალიან მკაფიოდ ნათქვამი, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. დიახ, ჩვენ ველოდებით, ხელისუფლება როდის გადმოდგამს ნაბიჯს, რათა ჩვენ მივიდეთ გარკვეულ შეთანხმებამდე, რომ დიახაც, საპარლამენტო მუშაობა ნორმალურად გაგრძელდეს და ქვეყანაში დაიძლიოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შეგვიყვანა ხელისუფლებამ. ეს არ იყო ოპოზიციის არჩევანი, ეს იყო ხელისუფლების გადადგმული ძალიან მძიმე ნაბიჯები, რომლებმაც უკან დახია ქვეყანა და საბოლოო ჯამში გამოიწვია ეს კრიზისი, რომელშიც დღეს ვიმყოფებით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა და ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობის ნაცვლად, მეტად ფოკუსირებულია შიდაპოლიტიკურ დრამაზე. „დღეს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის“, – აღნიშნა კენტმა.