ხატია დეკანოიძე - ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ
ხატია დეკანოიძე - ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ

ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჯორჯ კენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეკანოიძის თქმით, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური მართლმსაჯულებით.

„ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც რეალურად დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური მართლმსაჯულებით. „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არავითარ კომპრომისზე არ წამოვიდა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ის, რაც გუშინ ევროკავშირის განცხადებაში აისახა, არის ზუსტად ამის დასტური“, – განაცხადა დეკანოიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა და ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობის ნაცვლად, მეტად ფოკუსირებულია შიდაპოლიტიკურ დრამაზე. „დღეს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის“, – აღნიშნა კენტმა.