არჩილ თალაკვაძე - ჯორჯ კენტის განცხადება გამგებმა კარგად უნდა გაიგოს და ოპოზიციამ მანდატები აიღოს
არჩილ თალაკვაძე - ჯორჯ კენტის განცხადება გამგებმა კარგად უნდა გაიგოს და ოპოზიციამ მანდატები აიღოს

პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ ყოველი დღე, როცა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ არის წარმოდგენილი, არის დაკარგული დრო მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ჯორჯ კენტის განცხადება გამგებმა კარგად უნდა გაიგოს.

„მსურს, ჯორჯ კენტს მადლობა გადავუხადო იმ შეფასებებისთვის, რაც სენატში განხილვაზე ჰქონდა. მან ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან დღემდე, საქართველოს დასავლური კურსიდან არასოდეს გადაუხვევია, ჩვენ მტკიცე პარტნიორობა და მეგობრობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ობიექტური შეფასება, რასაც წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ საქმით და პოლიტიკური განცხადებებით აძლიერებდა.

რაც შეეხება მის კომენტარს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეს გამგებმა კარგად უნდა გაიგოს. ხელისუფლება პარლამენტშია წარმოდგენილი, მმართველ გუნდს მოლაპარაკებების პროცესში ძალიან კონსტრუქციული პოზიციები ჰქონდა. ჩვენი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა და პრინციპული მზადყოფნა გვქონდა, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელი მოგვეწერა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ნათელია, ვის ეხება ეს მნიშვნელოვანი განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას, მართოს ქვეყანა, სრულად აცნობიერებს“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი მანდატები უნდა აიღონ და საკანონმდებლო საქმიანობა წარმართონ.

„ყოველი დღე, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, არის დაკარგული დრო ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის, რადგან ჩვენთვის უპირველეს პრიორიტეტს ის საკითხები წარმოადგენს, რაზეც კენტმა ისაუბრა: ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები და მიმდინარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები, რომელიც პანდემიას უკავშირდება.

რასაკვირველია, სწორია, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის გაზრდილ აგრესიას ხედავთ. ასევე, ჩვენს რეგიონში სხვა ცვლილებებს ხედავთ. ამ ფონზე პოლიტიკურ დიალოგში ხელისუფლების მიზანი არის, მოხდეს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ოპოზიციამ აიღოს მანდატები, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და პოლიტიკურმა სისტემამ იმუშაოს საერთო ეროვნული ამოცანებისთვის და არა ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, რის გამოც სამწუხაროდ, ეს დიალოგი ორჯერ ვერ შედგა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა და ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობის ნაცვლად, მეტად ფოკუსირებულია შიდაპოლიტიკურ დრამაზე. „დღეს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის“, – აღნიშნა კენტმა.