დავით სერგეენკო - ჯორჯ კენტის განცხადებაში შინაარსობრივად სიახლე არაფერია, ეს არაერთხელ უთქვამთ სხვადასხვა პოლიტიკოსსა და ინსტიტუციას
დავით სერგეენკო - ჯორჯ კენტის განცხადებაში შინაარსობრივად სიახლე არაფერია, ეს არაერთხელ უთქვამთ სხვადასხვა პოლიტიკოსსა და ინსტიტუციას

კრისტიან დანიელსონის მომზადებულ დოკუმენტში ჩამოწერილი საკითხებიდან არც ერთი არ არის წითელ ხაზს გავლებული, ერთადერთი, რაც იყო და რჩება, არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც არც კი შესულა ამ საკითხების ჩამონათვალში და ამას არც ერთი დასავლელი პარტნიორი არ განიხილავს პირობად მმართველი პარტიის მიერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლებისგან არის, ძალიან საყურადღებოა. კენტის განცხადებაში შინაარსობრივად სიახლე არაფერია. ეს ისევ ის მოწოდებებია, რომლებიც არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა პოლიტიკოსისა და ინსტიტუციის მიერ, რომ დებატებისა და კომპრომისების ადგილია პარლამენტი და არა – ქუჩა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯორჯ კენტის განცხადება იმავე შინაარსისაა, როგორიც ბოლო თვეების განმავლობაში ისმის დასავლელი პარტნიორებისგან.

„რაც შეეხება ტონალობას, შეიძლება, ამ შემთხვევაში ცოტა ხისტად არის გამოხატული, მაგრამ ეს შინაარსს არ ცვლის. ეს არის იგივე, რაც ამ თვეებში გვესმის. კერძოდ, ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში და კომპრომისების მიღწევა უნდა ხდებოდეს ცივილური დებატებით და არა – ქუჩის აქციებით. ყველა ის საკითხი, რომლებზეც არის მსჯელობა, გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან აქტიური ჩარევისა და ანალიზის ნიადაგი. კრისტიან დანიელსონის ბოლო მოლაპარაკებაზე მომზადებულ დოკუმენტში ჩამოწერილი საკითხებიდან არც ერთი არ არის წითელ ხაზს გავლებული. ერთადერთი რაც იყო და რჩება, ეს არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც არც კი შესულა ამ საკითხების ჩამონათვალში და ამას არც ერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი არ განიხილავს პირობად მმართველი პარტიის მიერ. ყველა დანარჩენი განხილვადი და კომპრომისებადია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე კონცენტრირებისა და ეკონომიკურ აღდგენაზე მუშაობის ნაცვლად, მეტად ფოკუსირებულია შიდაპოლიტიკურ დრამაზე. „დღეს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის“, – აღნიშნა კენტმა.

დატოვე კომენტარი