მკვლევართა განცხადებით, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტის სისხლის გამოყენება შესაძლებელია ადამიანის COVID–19-ით ინფიცირებისგან დასაცავად.
ახალ კვლევაში ინფექციურ დაავადებათა ექსპერტები განმარტავენ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა სისხლის შრატში არსებული ვირუსული ანტისხეულები სხვა ადამიანების ინექციისათვის, რაც მათ ვირუსისგან დროებით დაიცავს.
ეს საკმაოდ დიდი ხნის სამედიცინო საშუალება პასიური ანტისხეულებით თერაპიის სახელით არის ცნობილი და სათავეს მე-19 საუკუნის ბოლოს იღებს; წითელას, პოლიომიელიტის, ყბაყურისა და გრიპის ეპდიდემიებთან ბრძოლაში ფართოდ გამოიყენებოდა მე-20 საუკუნეში.
ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წარსულის მსგავსად, როცა ეს მეთოდი კაცობრიობას უკვე არაერთხელ დაეხმარა, ის შეიძლება გადამწყვეტი საშუალება ამჯერად COVID–19-ის წინააღმდეგ გახდეს. მეცნიერები იქვე აღნიშნავენ, რომ ანტისხეულებით თერაპია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს გადაუდებელ შემთხვევაში.
„ამ ვარიანტის გამოყენება აღარ საჭიროებს ბევრ ახალ კვლევასა და განვითარებას. მის დანერგვას დაახლოებით რამდენიმე კვირა დასჭირდება“, — ამბობს იმუნოლოგი არტური კასადევალი.
მკურნალობის ამ მეთოდის ასამოქმედებლად საჭიროა, რომ COVID–19-ისგან ახლად გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა საკუთარი სისხლი გაიღონ. ამ ფაზაში, სისხლის შრატი შეიცავს დიდი ოდენობით ბუნებრივ ანტისხეულებს, რომლებიც SARS-CoV–2 ვირუსთან (COVID–19-ის გამომწვევი კორონავირუსი) ბრძოლისას წარმოიქმნა.
მას შემდეგ, რაც ორგანიზმი მათ პათოგენების საპასუხოდ წარმოქმნის, ეს ანტისხეულები სისხლში რჩება და ცირკულირებს ინფექციის დამარცხებიდან თვეების, ხან წლების განმავლობაშიც კი.
ეს ანტისხეულები გამოსადეგი მხოლოდ გამოჯანმრთელებული ინდივიდისთვის როდია. თუ მათ სისხლიდან გამოვაცალკევებთ და მოვამზადებთ, შესაძლებელია ისინი შევუყვანოთ სხვა ადამიანებს, რომლებსაც ისინი მცირე ხნის განმავლობაში დაიცავს; ეს მეთოდი შეიძლება გამოსადეგი იყოს სერიოზული რისკის მქონე პაციენტთათვის, ინფიცირებული პაციენტის არაინფიცირებული ოჯახის წევრებისთვის, ანდაც საავადმყოფოებში მომუშავე პერსონალის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, რადგან ისინი პათოგენისგან ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან.
„პასიური ანტისხეულების ადმინისტრირება მგრძნობიარე პირებისთვის დაუყოვნებელი იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად ერთადერთი საშუალებაა. დაცვის დონე დამოკიდებულია ანტისხეულების რაოდენობასა და შემადგენლობაზე და გასტანს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე“, — წერენ მკვლევრები.
სისხლის შემოწმება სხვა სახის ინფექციურ აგენტებზე ხდება სისხლის ბანკირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით; მკვლევართა განცხადებით, თერაპია ჯანმრთელ ადამიანთათვის საკმაოდ დაბალი რისკის შემცველია, განსაკუთრებით COVID–19-ის გავრცელების საფრთხის ფონზე, რომლის წინააღმდეგაც ჯერ არც მედიკამენტი არსებობს და არც ვაქცინა.
შექმნილი ვითარების ფონზე, ჯგუფის აზრით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა სისხლის შრატი გადაუდებელ შემთხვევებში უნდა გამოვიყენოთ COVID–19-ისგან დასაცავად, როგორც ეს ხდებოდა სხვა კორონავირუსული დაავადებების შემთხვევაში, მათ შორის SARS1-ის და MERS-ის წინააღმდეგ.
COVID–19 პანდემია გახდა და გაცილებით მეტად გავრცელდა, ვიდრე ეს პატარა ეპიდემიები, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობა ხელს შეუწყობს გამოჯანმრთელებულთა სისხლის შრატით დამზადებული საშუალებების უფრო დიდი ოდენობით წარმოებას, რადგან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა შესაბამისად უფრო მეტია და მათ სისხლის გაღება შეუძლიათ.
ამ მომენტისთვის COVID–19-ისგან უკვე გამოჯანმრთელებულია 77 000-ზე მეტი ადამიანი; მათი სისხლისგან შესაძლებელია სხვებისთვის სასიცოხლო ანტისხეულების მიღება, იქამდე, სანამ ხელთ გვექნება კონკრეტული ანტივირუსული პრეპარატები და ვაქცინები.
კასადევალის განცხადებით, გარდა საზოგადობრივი ჯანდაცვის მიერ გადადგმული შეკავების ნაბიჯებისა, ეს მეთოდი შეიძლება ახლო მომავლის ერთადერთი ვარიანტი იყოს COVID–19-ის მკურნალობისა და პრევენციისთვის, რისი დაწყებაც უახლოეს რამდენიმე კვირაში შეგვიძლია.
ამისათვის, ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტი ძალისხმევას არ იშურებს, რომ ანტისხეულებით COVID–19-ის მკურნალობის თერაპიის პროცესი ბალტიმორის ზონაში უახლოეს კვირებში დაიწყოს. კასადევალის თქმით, მკურნალობის ამ საშუალებას ასევე იკვლევენ ექიმები ნიუ-იორკში, იაპონიის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია კი კორონავირუსთან საბრძოლველად ანტისხეულებზე დაფუძნებული პრეპარატის შექმნაზე მუშაობს.
ბევრი რამ ჯერ უცნობია; მათ შორის ისიც, გამონაჯმრთელებულ ადამიანთა რა ოდენობის სისხლის შრატია საჭირო ადამიანთა ეფექტიანად დასაცავად. თუმცა, როგორც ჩინეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Xinhua იუწყება, ამ მეთოდს უკვე იყენებენ ჩინეთში.
არავინ ელოდება, რომ პასიური ანტისხეულებით თერაპია საკონტროლო გასროლა იქნება ახალი კორონავირუსის მიმართულებით, მაგრამ ნამდვილად შეიძლება იყოს ეფექტიანი საშუალება დაავადების შესაკავებლად იქამდე, სანამ მკურნალობის სხვა საშუალებები შეიქმნება.
„ცხადია, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა სისხლის შრატი მხოლოდ დროებითი ზომა იქნება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ამჟამინდელი პანდემიის შუაგულში. რეკომენდაციას ვაძლევთ სამედიცინო ინსტიტუციებს, რომ მხედველობაში მიიღონ ამ მეთოდით მკურნალობა გადაუდებელი შემთხვევებისას და მასზე მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ“, — წერენ ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ The Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია hub.jhu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.