ახალი კორონავირუსი — ყველაფერი, რაც მის შესახებ მეცნიერებამ უკვე იცის
ახალი კორონავირუსი — ყველაფერი, რაც მის შესახებ მეცნიერებამ უკვე იცის

ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსული ახალი რესპირატორული ვირუსი უკვე მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. დაინფიცირდა თითქმის 120 000 ადამიანი, 4000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. ბევრი ექსპერტი შიშობს, რომ უკვე სახეზე გვაქვს პანდემია.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის, მაგრამ ამჯერად, ეპიდემიამ ძლიერ იფეთქა სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. იტალიამ კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

ვირუსის შესახებ ბევრი რამ ჯერ უცნობია. მათ შორის, რამდენი ადამიანია დაავადებული ძალიან მსუბუქი სიმპტომებით ან საერთოდ უსიმპტომოდ, არიან თუ არა ისინი ამ დროს გადამდები. გავრცელების ზუსტი მასშტაბების დადგენა საკმაოდ რთულია.

სტატიაში წარმოგიდგენთ ყველა ფაქტს, რაც მეცნიერებმა ამ დროისათვის იციან ამ ვირუსისა და მისი გავრცელების შესახებ.

რა არის კორონავირუსი?

სახელი კორონავირუსი ამ ვირუსს დაერქვა ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტების გამო, რომლებიც გვირგვინს (კორონა) ჰგავს; კორონა ეწოდება მზის ანალოგიურ მახასიათებელსაც. ვირუსი აინფიცირებს როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს და იწვევს სასუნთქი გზების დაავადებებს.

კორონავირუსის სულ მცირე ოთხი ტიპი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ძალიან მსუბუქ ინფექციებს იწვევს, მაგალითად, გაციებას. ცხოვრების გარკვეულ მომენტში, ადამიანთა უმეტესობა ერთი ან რამდენიმე ამ ვირუსით ერთხელ მაინც ინფიცირდება.

კიდევ ერთმა კორონავირუსმა, რომელიც 2003 წელს ჩინეთში გავრცელდა, უფრო მწვავე დაავადება გამოიწვია, რომელსაც მწვავე რესპირატორული სინდრომი, იგივე SARS-ი უწოდეს. ვირუსით მაშინ 8098 ადამიანი დაინფიცირდა, 774 კი გარდაიცვალა.

2012 წელს საუდის არაბეთში გამოჩნდა კორონავირუსით გამოწვეული კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, იგივე MERS-ი უწოდეს.

რაც შეეხება ახალ ვირუსს, მას SARS-CoV-2 უწოდეს, მისგან გამოწვეულ დაავადებას კი COVID-19.

რამდენად სახიფათოა?

ახალი ვირუსის ლეტალურობის ზუსტი შეფასება რთულია. ამ ეტაპზე, ის ნაკლებად ფატალური ჩანს, ვიდრე ის კორონავირუსები, რომლებიც SARS-ს და MERS-ს იწვევენ, მაგრამ აქვს სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე სეზონურ გრიპს. კვლევების დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2 პროცენტია, მაგრამ მეცნიერთა აზრით, რეალური მაჩვენებელი 1 პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს, დაახლოებით სეზონური გრიპის მსგავსად.

ჩინეთში ჰოსპიტალიზებულ ადამიანთა დაახლოებით 5 პროცენტს დაავადება კრიტიკულ ფორმებში განუვითარდა.

როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსით ნაკლებად ინფიცირდებიან ბავშვები, საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ პაციენტებში კი ინფიცირების მაჩვენებელი არაპროპორციულია.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში, რადგან სავარაუდოდ, თამბაქოს მოხმარების მაღალი მაჩვენებლის გამო, კაცების ორგანიზმი წარმოქმნის უფრო სუსტ იმუნურ შეპასუხებას; გარდა ამისა, კაცებში უფრო მეტად არის გავრცელებული მე-2 ტიპის დიაბეტი და სისხლის მაღალი წნევა, რაც შეიძლება ზრდიდეს ინფექციით გამოწვეულ გართულებათა რისკს.

ჯონს-ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერის, საბრა კლაინის განცხადებით, ეს მახასიათებელი შეიმჩნევა სასუნთქი გზების მრავალ ვირუსულ ინფექციაში, ანუ, შედეგები კაცების შემთხვევაში უფრო მძიმეა. კლაინი იკვლევს სქესობრივ განსხვავებებს ვირუსულ ინფექციებსა და ვაქცინაზე შეპასუხებაში.

როგორ გადადის ახალი კორონავირუსი?

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანებს ეს ვირუსი პირველად ინფიცირებული ცხოველისგან გადაედო უხანის ბაზრობაზე, სადაც იყიდებოდა ცოცხალი თევზი, ცხოველები და ფრინველები. ამის შემდეგ ბაზარი დაიხურა და ჩატარდა დეზინფექცია, რამაც თითქმის შეუძლებელი გახადა იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი ცხოველისგან გავრცელდა ვირუსი.

შესაძლო წყაროდ მიიჩნევა ღამურები, რადგან ევოლუციურად მათი ორგანიზმი მორგებულია მრავალ ვირუსთან ერთად მშვიდ თანაარსებობას. დადგენილია, რომ სწორედ ღამურები იყვნენ SARS-ის საწყისი წყაროც. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ღამურებისგან ვირუსი რომელიმე შუამავალ ცხოველს გადაედო, მაგალითად, პანგოლინს, რომლის ხორციც ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში დელიკატესად მიიჩნევა; პანგოლინებისგან ვირუსი უკვე ადამიანებში უნდა გადასულიყო.

ამის შემდეგ, ვირუსი ადამიანიდან ადამიანში გავრცელდა.

დაინფიცირებული ადამიანები სუნთქვისას, საუბრისას, ხველების ან დაცემინებისას წარმოქმნიან ციცქნა რესპირატორულ წვეთებს, რომელთა საშუალებითაც ვირუსი ჰაერში ვრცელდება.

რესპირატორული წვეთების დიდი ნაწილი დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე დაბლა ეცემა. ადამიანები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ინფიცირებულებთან, განსაკუთრებით ოჯახის წევრები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები, ჰაერში გაშვებულ ვირუსს სწორედ ამ გზით იჭერენ.

მეცნიერებმა ჯერჯერობით დაზუსტებით არ იციან, რამდენ ხანს ცოცხლობს ახალი კორონავირუსი სხვადასხვა საგნების ზედაპირზე, მაგრამ როგორც პირველადი კვლევა აჩვენებს, პათოგენის გავრცელებას ვერ უნდა აჩერებდეს ცხელი და ნოტიო გარემო. ცნობილია, რომ თბილი ამინდი აჩერებს გრიპს და უფრო მსუბუქ კორონავირუსებს.

გერმანიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ინფიცირებული ადამიანები შეიძლება გადამდებები იყვნენ მაშინაც, როდესაც სიმპტომები თითქმის არ აღენიშნებათ, რაც საკმაოდ ცუდი ახალი ამბავია.

ვანდერბილტის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის მკვლევრის, დოქტორ უილიამ შაფნერის განცხადებით, როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია, თავისუფლად დადის სამსახურში, სპორტულ დარბაზებში, რელიგიურ დაწესებულებებში, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სუნთქავს სხვა ადამიანთა სიახლოვეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ასიმპტომური შემთხვევები იშვიათია.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ამ ინფექციის სიმპტომებს შორის არის მაღალი ტემპერატურა, ხველება, სუნთქვის გაძნელება ან უკმარისობა. დაავადება იწვევს ფილტვის დაზიანებას და პნევმონიას. თუმცა, მსუბუქი შემთხვევები შეიძლება ჰგავდეს გრიპს ან გაციებას, რაც მის გამოვლენას კიდევ უფრო ართულებს.

პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ფაღარათი. ამჟამინდელი მონაცემებით, სიმპტომები ვლინდება ორგანიზმში ვირუსის შეღწევიდან 2-14 დღემდე პერიოდში.

თუ ბოლო პერიოდში სტუმრობდით ჩინეთს, სამხრეთ კორეას, იტალიას ან ახალი კორონავირუსის გავრცელების სხვა რეგიონს და აღგენიშნებათ ტემპერატურა ან გახველებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, მანამდე კი მოერიდეთ სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტს.

არსებობს თუ არა ვირუსის ტესტი? სამკურნალო საშუალებები?

არსებობს დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებსაც შეუძლია განსაზღვროს, ხართ თუ არა ინფიცირებული. მათი შექმნა ჩინელი მეცნიერების მიერ ვირუსის შესახებ გენეტიკური ინფორმაციის შეგროვების შედეგად მოხერხდა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ინფექცია დასტურდება, მკურნალობა ძირითადად მზრუნველობითია, პაციენტისთვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა, სხეულის ტემპერატურის მართვა და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპარატით ფილტვების ვენტილაცია.

ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დოქტორ ჯული ვაიშამპაიანის განცხადებით, რეკომენდებულია, რომ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში დარჩნენ და სვან ძალიან ბევრი სითხე, „ამასობაში კი იმუნური სისტემა თავის საქმეს გააკეთებს და ორგანიზმს გამოაჯანმრთელებს“. მსუბუქი ინფექციის მქონე ადამიანთა უმეტესობა დაახლოებით ორ კვირაში იკურნება. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

პოტენციური სამკურნალო საშუალებების სახით, ამჟამად უკვე იტესტება რამდენიმე პრეპარატი, მათ შორის არის ანტივირუსული საშუალება სახელად რემდესივირი, რომელმაც ეფექტიანობა უკვე დაადასტურა ცხოველებში და აშშ-ში გამოაჯანმრთელა ერთი ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს ამ პრეპარატის კლინიკური ცდები ინფიცირებულ პაციენტებზე, რომლებსაც აშშ-ის სხვადასხვა ინსტიტუტი და თავად მწარმოებელი, კომპანია Gilead-ი ატარებს.

რამდენი ხანი დასჭირდება ვაქცინის შექმნას?

კორონავირუსის ვაქცინასთან ჯერ თვეები გვაშორებს, შეიძლება, წლებიც. ახალმა ტექნოლოგიებმა, გენომურმა მიღწევებმა და გაუმჯობესებულმა გლობალურმა კოორდინაციამ მართალია მკვლევრებს სწრაფად მოქმედების საშუალება მისცა, მაგრამ ვაქცინის შექმნა მაინც ძვირი და სარისკო პროცესია.

2003 წელს SARS-ის გავრცელების შემდეგ, მეცნიერებს 20 თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ ვაქცინა მზად ყოფილიყო ადამიანებზე ცდების დაწყებისთვის. თუმცა, ამ ვაქცინის გამოყენება საჭირო აღარც გახდა, რადგან დაავადება თანდათან შეჩერდა.

2015 წელს ზიკას ეპიდემიის შემთხვევაში, ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერებს ექვსი თვე დასჭირდათ.

ამჯერად, ისინი იმედოვნებენ, რომ წარსული ეპიდემიების დროს მიღებული გამოცდილება თავისას იზამს და ამ ვადას კიდევ უფრო შეამცირებს. ვაქცინის კანდიდატებზე მუშაობს არაერთი ფარმაცევტული გიგანტი თუ სამეცნიერო ინსტიტუცია.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პირველადი კლინიკური ცდები შეიძლება სამ თვეში დაწყოს. თუმცა, ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დასამტკიცებლად საჭიროა ვრცელი ფართომასშტაბიანი ჩატარება.

როგორ შეგვიძლია თავის დაცვა?

ინფიცირებისგან თავის დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა იმ ზოგადი ინსტრუქციების გათვალისწინება, რასაც ექსპერტები გრიპის სეზონებზეც გვაძლევენ, რადგან კორონავირუსი ძირითადად იგივე გზით ვრცელდება. დაიბანეთ ხელები საპნით ხშირად. მოერიდეთ საკუთარ სახეზე ხელების შეხებას და დაიცავით სულ მცირე 1,8-მეტრიანი მანძილი ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც ახველებს ან აცემინებს.

ექსპერტთა განცხადებით, პირბადეები ვირუსისგან თავის დასაცავად გამოუსადეგარია, მაგრამ თუ თქვენ აღგენიშნებათ რესპირატორული დაავადების სიმპტომები, მისი ტარებით დაავადებისგან სხვებს დაიცავთ.

უნდა გავაუქმოთ თუ არა საერთაშორისო მოგზაურობის გეგმები?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, თავი უნდა შევიკავოთ ჩინეთში, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობისგან. მაღალი რისკის შემცველია საკრუიზო გემებით მოგზაურობაც.

ძლიერ რეკომენდებულია, რომ მოგზაურობაზე საერთოდ უარი თქვან ხანდაზმულმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა.

მრავალმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სამოგზაურო შეზღუდვები და აკრძალვები. Ზოგიერთმა ქვეყანამ ვირუსის ფართოდ გავრცელების მქონე ქვეყბის მოქალაქეებისთვის საკუთარი საზღვრები საერთოდ ჩაკეტა, მრავალი ქვეყანა კი შემსვლელ მგზავრებს დაავადების ნიშნებზე ამოწმებს.

არის თუ არა ვირუსის შეჩერება უკვე დაგვიანებული?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დადებითად აფასებს ჩინეთის მიერ უხანსა და მიმდებარე ქალაქებში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად იანვარში შემოღებულ საიზოლაციო ზომებს. ჩინეთმა დახურა ქალაქები, ბიზნესები და სკოლები, მოსახლეობას კი სახლებში დარჩენა უბრძანა. ჰუბეის პროვინციის მოსახლეობას ხელისუფლება მობილური ტელეფონის მონაცემებით აკვირდებოდა.

ბოლო კვირებში, ხელისუფლების სპეციალურმა წარმომადგენლებმა დაიარეს კარდაკარ და ინფიცირებული ადამიანები სტადიონებსა და საველე საავადმყოფოებად გადაკეთებულ სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები ჩინეთში მკვეთრად შემცირდა.

თუმცა, არსებობს შიში, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება უკვე შეუძლებელია.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორ კლარენს ტამის განცხადებით, ახალი შემთხვევების ტალღა მრავალ ქვეყანაში შემაშფოთებელია, რადგან უკვე ვიცით, რომ გადადების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი და სწრაფია.

„გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალი ვირუსის შესახებ იმდენი რამ ვისწავლეთ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, შეკავება ის სტრატეგია იყოს, რომელიც ვირუსს მთლიანად შეაჩერებს“, — ამბობს ტამი.

თუმცა, ნამდვილად სასარგებლოა გავრცელების იმდენ ხანს შეკავება, რამდენ ხანსაც ეს შესაძლებელია. ვირუსის შეკავება ჯანდაცვის სექტორს დამატებით დროს აძლევს ტესტებითა და სასუნთქი მოწყობილობებით საავადმყოფოების მოსამარაგებლად.

თუმცა, ამა თუ იმ ქვეყნის მომზადება კორონავირუსის შემთხვევებისათვის, დიდწილად დამოკიდებულია მისი ჯანდაცვის სისტემის სიძლიერეზე, ტესტების ჩატარების მოცულობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეფექტიანობაზე.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.