რატომ არის ზედმეტად რთული, გადაეჩვიოთ საკუთარ სახეზე ხელების შეხებას
რატომ არის ზედმეტად რთული, გადაეჩვიოთ საკუთარ სახეზე ხელების შეხებას

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ გლობალური პანიკა გამოიწვია და ხალხმა თავდაცვის საიმედო გზების ძებნა დაიწყო. ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ამისათვის ყველაზე საუკეთესო გზა პირბადე იყო. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტთა განცხადებით, პირბადე ჯანმრთელი ადამიანებისთვის უბრალოდ გამოუსადეგარია.

ექსპერტთა რეკომენდაციით, ყველაზე საუკეთესო გზაა შეწყვიტოთ თქვენს ცხვირთან, თვალებთან და პირთან შეხება. მიუხედავად ამისა, ადამიანთა დიდმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ ამ ჩვევის მოშლა არც თუ ისე ადვილია.

კენტუკის შტატის შფოთვისა და მასთან დაკავშირებულ აშლილობათა ცენტრის დირექტორის, ფსიქოლოგ კევინ ჩაპმენის განცხადებით, საკუთარ სახეზე შეხებისკენ მისწრაფება არსებითად ადამიანური ქცევაა, რადგან სახეზე შეხება ქვეცნობიერი სიგნალია გარშემომყოფთათვის, რომ გაგაჩნიათ თვითშეგნება.

„საზოგადოების თვითშეგნება ზოგადად დამოკიდებულია ჩვენს საკუთარ თვითშეცნობაზე სხვა ხალხის გადმოსახედიდან, რაც გარდაუვლად ხდება სოციალური ურთიერთქმედების დროს“, — ამბობს ჩაპმენი.

მისივე თქმით, ბუნებრივად, ხალხი სწავლობს სხვების სახეებს და მგრძნობიარენი არიან სახის სხვადასხვა რეპლიკებზე; შესაბამისად, სახეზე შეხება ნაწილობრივ შეიძლება დაკავშირებული იყოს ბუნებრივ მიდრეკილებაზე, რომ იყო მგრძნობიარე სახისა და მისი გამომეტყველებების მიმართ.

2014 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საკუთარ სახეზე შეხება ადამიანს ეხმარება სტრესის რეგულირებასა და მეხსიერების ფორმირებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე შეხება შეიძლება ურთიერთობის ხელსაწყო იყოს, ადამიანები საკუთარ სახეზე ხელის შეხებას ადრეულ ასაკში იწყებენ, რაც შემდეგ ჩვევად იქცევა და მასზე უარის თქმა უფრო ძნელი ხდება, მაშინაც კი, თუ ადამიანი ამით საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ჩაპმენის განცხადებით, ფსიქოლოგიურად, ადამიანთა უმეტესობა ვერ აცნობიერებს საკუთარ სახესთან შეხებით გამოწვეულ მრავალ საფრთხეს (დაავადებების გადადების რისკს) და შესაბამისად, ერთმანეთთან ვერ აკავშირებს ავად გახდომას და სახესთან ხელების შეხებას.

თუმცა, რაც უფრო ბევრს ფიქრობთ იმაზე, რომ საკუთარ სახესთან შეხება არ შეგიძლიათ, ამის გაკეთების სურვილი უფრო მეტად გიჩნდებათ.

ჩაპმენი გვირჩევს, რომ გამოვიყენოთ უფრო მოქნილი მიდგომა. იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს უკიჟინოთ, რომ „მე დღეს ჩემს სახეს არ შევეხები“, უთხარით თქვენს თავს, რომ „საჭიროა, დღეს უფრო ყურადღებით ვიყო სახესთან შეხებისას“.

ჩაპმენის თქმით, შეიძლება ეფექტიანი იყოს ტელეფონის მაღვიძარა, რომელიც შეგახსენებთ, რომ კარგად გახსოვთ, სახესთან შეხების შესახებ.

„ჩვევების შეცვლა ნამდვილად შესაძლებელია და მოითხოვს უნარებს, რომ გადააწყო მოქმედების მიდრეკილებები“, — ამბობს ჩაპმენი.

კოგნიტური მეცნიერის, დენის კამინსის განცხადებით, ასევე შეგიძლიათ სცადოთ ხელში ანტისტრესული ბურთის დაჭერა ან მკლავების ერთმანეთში ისე გადაჭდობა, რომ ხელები თავისუფალი არ გქონდეთ.

და ბოლოს, აუცილებელია გაითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, მათ შორის, ხელების დაბანა საპნითა და თბილი წყლით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში, ავად ყოფნის დროს დარჩეთ სახლში და ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ავადმყოფ ადამიანებთან ახლო კონტაქტი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.