ნიდერლანდელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს
ნიდერლანდელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს

უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ აღმოაჩინეს კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეული, რომელიც აქამდე ჯერ აღმოჩენილი არ იყო. ამ აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს ანტივირუსული პრეპარატის შექმნამდე.

„უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო“, — ამბობს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი. მათი კვლევა ამჟამად სხვა მეცნიერთა მხრიდან რეცენზირების პროცესშია და ხელმისაწვდომია ონლაინპლატფორმა BioRxiv-ზე. ამის შემდეგ კი, ჯგუფი იმედოვნებს, რომ სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება.

„სტატიაში ჩვენ ვიუწყებით მონოკლონური ანტისხეულის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ანეიტრალებს SARS-CoV-2-ს, ვირუსს, რომელიც იწვევს კორონავირუსულ დაავადება COVID-19-ს“, — წერენ მკვლევრები აკადემიური ნაშრომის შესავალში.

მათი განცხადებით, მათ მიერ ნაპოვნი ანტისხეული ახდენს ვირუსის ნეიტრალიზებას და გვთავაზობს როგორც COVID-19-ის, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის ქვეგვარის ვირუსების მიერ გამოწვეული სხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის პოტენციალს.

„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს გახლავთ პირველი ანტისხეული, რომელიც ინფექციას ბლოკავს, მსგავსი აღმოჩენა ძალიან იშვიათია“, — განმარტავს გროსველდი.

ამ აღმოჩენის წყალობით, შეიძლება შეიქმნას მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის ამჟამინდელი შტამით ინფიცირებულ ადამიანთა სამკურნალოდ გამოვიყენებთ. გროსველდის თქმით, მისი შექმნა ვაქცინაზე სწრაფად არის შესაძლებელი, მაგრამ ესაჭიროება რამდენიმე თვის განმავლობაში ტესტირება და ამავე დროს, მისი წარმოება ვაქცინაზე უფრო ძვირი იქნება.

„ჩვენ ახლა ვცდილობთ მოვძებნოთ ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ამ ანტისხეულის ფართომასშტაბიან, პრეპარატის სახით წარმოებას შეძლებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი.

მომზადებულია erasmusmagazine.nl-ის მიხედვით.