ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე აშშ-ში თამარ ჩუგოშვილი და დავით ბაქრაძე გაემგზავრებიან
ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაესწრება.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ყველა ქვეყნიდან ორი სტუმარია მიწვეული. საქართველოს პარლამენტიდან აშშ-ში თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე გაემგზავრებიან.
„ყველა ქვეყნიდან არის მიწვეული ორი უცხოელი სტუმარი. გადავწყვიტეთ, პარლამენტიდან წასულიყო დელეგაცია. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო, ვყოფილიყავით წარმოდგენილი დაკრძალვის ცერემონიაზე. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ერთი წევრი უმრავლესობიდან – მე და ერთი უმცირესობიდან, როგორც ვიცი, ეს არის დავით ბაქრაძე“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
მისი შეფასებით, ჯონ მაკკეინი საქართველოს საუკეთესო მეგობარი იყო.
„ასეთი მეგობრები ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება. ჯონ მაკკეინი ყოველთვის მზად იყო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, როცა საქართველოს სჭირდებოდა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.