ჯეიმს მეტისმა ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას „ცხადი და ყოვლისმომცველი“ უწოდა
ჯეიმს მეტისმა ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას „ცხადი და ყოვლისმომცველი“ უწოდა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სიძლიერე ამერიკელ დიპლომატებს საშუალებას აძლევს, ყოველთვის „ძალის პოზიციიდან“ ისაუბრონ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას უკავშირდება.

ჯეიმს მეტისმა დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას „ცხადი და ყოვლისმომცველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების საშუალებას იძლევა.

„ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერით კვლავ დავიცავთ უსაფრთხოების საერთო ინტერესებს, ისე, როგორც ჩვენ ვიცავთ ამერიკას მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებებს“, – ნათქვამია ჯეიმს მეტისის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარმოადგინა.

დოკუმენტის შინაარსი მოქალაქეებს თავად დონალდ ტრამპმა გააცნო. სტრატეგიაში რუსეთი და ჩინეთი მოხსენიებულია აშშ-ის მეტოქე სახელმწიფოებად. სტრატეგიაში ასევე საქართველოა ნახსენები. 68-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა საქართველოში შეჭრით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვი რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადაა.