ჯასტინ მაკკენზი სმიტი - მაქვს გრძნობა, რომ საქართველოს მოსახლეობასაც სურს დიალოგის ხილვა
ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის ხილვა ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა განაცხადა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ხვალ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.
„ამას ვამბობ, როგორც საქართველოს საერთაშორისო მეგობარი. ასევე მაქვს გრძნობა, რომ საქართველოს მოსახლეობასაც სურს დიალოგის ხილვა. თუ აღნიშნული შეხვედრა იქნება დასაწყისი გულწრფელი და ნამდვილი დიალოგისთვის, ეს საქართველოს წინ წაწევს“, – განაცხადა ელჩმა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში შედგება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.