ლევან იოსელიანი - ახლა მთავარია, დავიწყოთ დიალოგი საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ მიღებაზე, ესაა პირველი ნაბიჯი, რითაც შეგვიძლია, სიტუაცია ცოტა განვმუხტოთ
ლევან იოსელიანი - ახლა მთავარია, დავიწყოთ დიალოგი საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ მიღებაზე, ესაა პირველი ნაბიჯი, რითაც შეგვიძლია, სიტუაცია ცოტა განვმუხტოთ

დიალოგი აუცილებელია. დიალოგი არის წინაპირობა, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. მთავარი, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, დავიწყოთ დიალოგი საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ მიღებაზე, რაც პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა დიალოგთან დაკავშირებით „ლელოს“ განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი, რითაც შესაძლებელია, ვითარება მცირედით განიმუხტოს.

„ეს არის პირველი ნაბიჯი, რითაც შეგვიძლია, სიტუაცია ცოტა განვმუხტოთ. ეს არის საკითხი, რომელიც სასაცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ ქართული პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დემოკრატიისთვის. ამაზე თანხმობა არსებობს. პირველი მოსმენით ხომ მივიღეთ და პროცესი უნდა გავაგრძელოთ. ამას სჭირდება ოპოზიციის შიგნით მეტი კოორდინაცია და ძალისხმევა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, პარტია „ლელომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.

„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც  უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი