ვარლამ გოლეთიანი - „ნამახვანჰესის“ საკითხებთან დაკავშირებით ვიცით „ლელოს“ პოზიცია, ნათელია, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ ხაზზეა გამწკრივებული, საკომიტეტო მოსმენებზე ორჯერ ვიყავით და არ ვაპირებთ, იმავე წრეზე ვიტრიალოთ
ვარლამ გოლეთიანი - „ნამახვანჰესის“ საკითხებთან დაკავშირებით ვიცით „ლელოს“ პოზიცია, ნათელია, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ ხაზზეა გამწკრივებული, საკომიტეტო მოსმენებზე ორჯერ ვიყავით და არ ვაპირებთ, იმავე წრეზე ვიტრიალოთ

სასაცილოა დამოკიდებულება, რომ მზად არიან დიალოგის პროცესში ჩაერთონ ხელისუფლების, კომპანიის წარმომადგენლები. რასაც ჩვენ ვითხოვთ ნახევარი წელია, თურმე ახლა არიან ისინი მზად. გაგვაგებინონ რისთვის არიან მზად. ჩვენ რაიმე მკაფიო შემოთავაზება, თუნდაც ამ ბოლო დღეების დიაპაზონში, მათგან არ მიგვიღია, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

თუმცა გადაცემის წამყვანმა ვარლამ გოლეთიანს შეახსენა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მხრიდან შეთავაზება ჰქონდათ, მაგრამ დიალოგი ვერ შედგა.

საპასუხოდ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე თავიანთი ფორმატის შეთავაზების შემდეგ მათ ხელისუფლების მხრიდან აღარავინ დაკავშირებიათ, რის გამოც პროტესტი განაგრძეს. გოლეთიანი ამბობს, რომ რეალური კომუნიკაციისთვის ყოველთვის მზად არიან.

„ჩვენ მათ კონკრეტულად ვუთხარით, რომ მივიდოდით პარლამენტთან და დაგვლაპარაკებოდა. ან ჩვენ, რამდენიმე ადამიანი შევიდოდით პარლამენტში და პროცესი მედიისთვის ყოფილიყო ღია. სცენიდან დავუკავშირდით მათ და მოვთხოვეთ, გაეგებინებინათ პასუხი. ვუთხარით, რომ ერთი საათი ველოდებოდით და გაეგებინებინათ, რა ჰქონდათ სათქმელი, როგორ აპირებდნენ დიალოგს. თავად აღარ დაგვიკავშირდნენ, ამიტომ გავაგრძელეთ პროტესტი. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე მზად ვართ რეალური კომუნიკაციისთვის, რომელიც წარმოაჩენს მათ სახეს. პირდაპირ რომ გითხრათ, მათ ჯანსაღ კომუნიკაციაში ჩვენთან ურთიერთობა არ სურთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივას, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, გოლეთიანმა განაცხადა, რომ ორჯერ იყვნენ საკომიტეტო მოსმენებზე და ამ სივრცეში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებენ.

„როგორც მოგეხსებათ, ჩვენ ორჯერ ვიყავით საკომიტეტო მოსმენებზე. პრაქტიკულად ყველა კითხვა დაისვა, რაც შეიძლებოდა, რომ დასმულიყო, თუმცა ამას პროცესზე არანაირი ადეკვატური შედეგები არ ჰქონია. ჩვენ ეს პროცესი გავიარეთ. ზოგადად, ამ საკითხებთან მიმართებით ვიცით „ლელოს“ პოზიცია. მკაფიო და ნათელია, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, ბუნებრივია, არაფერს ვამბობ სახელისუფლოზე, ერთ ხაზზეა გამწკრივებული, მათ შორის ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ვისაც როგორ შეუძლია. ცდილობენ, გაამარგინალონ ჩვენი მოძრაობა, რომელსაც დიდი სამოქალაქო მხარდაჭერა აქვს. პოლიტიკურ პარტიულ სპექტრს არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ჩვენ ირგვლივ არსებობს. შესაძლოა, დიდწილად ეს არის შურის საგანი და ასე შემდეგ. ცდილობენ, გაამარგინალონ ჩვენი მოძრაობა. ნარატივის თვალსაზრისითაც, ზუსტად ერთსა და იმავე რაღაცებს აჟღერებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ორჯერ ვიყავი, არანაირი შედეგი არ მოუტანია იმ სივრცეში დისკუსიას და არ ვაპირებთ, იმავე წრეზე ვიტრიალოთ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.