ლევან დავითაშვილი - ულტიმატუმების ენით საუბარი არასოდეს, არსად შედეგის მომტანი არ ყოფილა, ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებზე უნდა ვესაუბროთ
ლევან დავითაშვილი - ულტიმატუმების ენით საუბარი არასოდეს, არსად შედეგის მომტანი არ ყოფილა, ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებზე უნდა ვესაუბროთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კომპეტენტურ პირებს მუდმივად ჰქონდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

მისივე თქმით, ასევე იყო არაერთი ფორმალური და არაფორმალური შეხვედრა.

„სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ ეხებოდა გადაწყვეტილების მიღება და ვინც არის კომპეტენტური ამ საკითხში, მუდმივად იყვნენ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. ესენი არიან როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრის მოადგილის ჩართულობით, ადამიანები, ვისაც მიჰყავდათ სანებართვო პროცესები როგორც სამშენებლო, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით. ამ კუთხით, ვფიქრობ, კომუნიკაცია არსებობდა, მათ შორის არაერთი ფორმალური და არაფორმალური შეხვედრა იყო.

ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ საპარლამენტო, საკომიტეტო მოსმენის დროსაც. ძალიან ბევრ კითხვას პასუხი გაეცა. რაც შეეხება უშუალოდ მინისტრების მონაწილეობით კომუნიკაციას, ამაზე, არა მხოლოდ „ნამახვანთან“ დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ საკითხზე, პირადად ვარ მზად, რომ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქესთან ვისაუბრო, რადგან ვფიქრობ, შეიძლება, ამ საკითხზე მეტი იყოს კითხვა, მეტი კომუნიკაცია იყოს საჭირო. ფორმატები, რომლებიც ჩემმა კოლეგამ, ნათია თურნავამ აღნიშნა, მზად ვართ გამოვიყენოთ. საუბარი იყო, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები, ამ შემთხვევაში ექნება აზრი დიალოგს და მივიღებთ შედეგს. რადგან ჩვენ შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვისაუბროთ, მაგრამ შედეგის მომტანი ეს არასოდეს, არსად, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა, არა თუ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. არც ერთ პოლიტიკურ პროცესში ასეთი ულტიმატუმით საუბარს შედეგი არ მოუტანია. ჩვენ ხომ ვართ ამის მომსწრე, მათ შორის ჩვენს უახლოეს წარსულში. გვესმის, რომ მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე. ზოგადი მოთხოვნები არ იქნება პროდუქტიული. კონკრეტული საკითხები თუ იქნება, კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება იყოს პასუხები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.