არჩილ თალაკვაძე - დროა, ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა, ვინც მომავალზეა ორიენტირებული, ნაბიჯები გადადგას
არჩილ თალაკვაძე - დროა, ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა, ვინც მომავალზეა ორიენტირებული, ნაბიჯები გადადგას

პოლიტიკურმა დიალოგმა ნათლად დაგვანახა, რომ ოპოზიციაში არიან ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც რეალურად მიაჩნიათ, რომ დემოკრატია არის მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა მნიშვნელოვანი ფუნქციაა, თუმცა არის მეორე გავლენიანი ჯგუფიც, რომელსაც, ამ შეთანხმების დაბლოკვა სურს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, ზემოაღნიშნული ოპოზიციონერი ლიდერები და დესტრუქციული ჯგუფები პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას ხელს უშლიან.

„დარწმუნებული ვარ, უახლოესი მომავალი გვაჩვენებს ზუსტად იმას, რომ ჯანსაღი ნაწილის დამოკიდებულება უფრო სწორია, ისინი რადიკალური ჯგუფის გავლენისგან გამოვლენ და მიიღებენ დემოკრატიისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, რადგან ჩვენმა კოლეგებმა ევროპარლამენტიდან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შესვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. მათ არაერთ განხილვაზე მკაფიოდ თქვეს, რომ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერენ პარლამენტის გარეთ რაიმე დესტრუქციულ პროცესს, ასევე არჩევნების და პარლამენტის გვერდის ავლით რაიმე ცვლილებების მცდელობას ქვეყანაში. რასაკვირველია, ოპოზიციის ეს მიდგომა აზიანებს ჩვენს დემოკრატიულ პროცესს და ქვეყნის სტაბილურობას.

ოპოზიციის გეგმას, რომ ქუჩის პროცესებით და დესტაბილიზაციით რაიმე ცვლილებები მოხდეს, ძალიან ცოტა მოქალაქე უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, არჩევნებში ოპოზიციამ ბევრად მეტი ხმა მიიღო, ვიდრე შეეძლო ამ დესტრუქციული გეგმის გარშემო საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ოპოზიციის ეს გეგმა ახლა გაკოტრებულია და დროა, ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა, ვინც მომავალზეა ორიენტირებული და თვლის, რომ მონაწილეობა არის დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობა, ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.