ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსი - სოციალური სამუშაოს რეგულირებაზე მუშაობა დიდი ხანია, დაწყებულია
სოციალური სამუშაოს რეგულირებაზე მუშაობა დიდი ხანია, დაწყებულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა ნუცი ოდიშარიამ სოციალურ მუშაკთა მოთხოვნების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროში უკვე დაწყებულია რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს. ნუცი ოდიშარია ასევე განმარტავს, რომ პროცესში ჩართული არიან სოციალური მუშაკებიც. ამასთან, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რემონტი უკვე სრულდება გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში და მსგავსი პრობლემის მოგვარება იგეგმება ისანი-სამგორის სერვისცენტრშიც.
„სოციალური სამუშაოს რეგულირებაზე უვე დიდი ხანია, დაწყებულია მუშაობა. 2018 წლიდან შემუშავდა კანონი, რომელსაც მოყვა სამოქმედო გეგმა. იმისათვის რომ ჩვენი სოციალური სამუშაო გაგვეუმჯობესებინა, ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ერთი არის სერვისების განვითარება. 2014 წლიდან თითქმის გაორმაგდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა.
მეორე მხრივ, 2018 წელს ჩავატარეთ სოციალური სამუშაოს ეფექტიანობის მუშაობა და დავდეთ რეკომენდაციები, რომელებიც საერთშორისო ექსპერტებთან ერთად მომზადდა. შემუშავდა სპეციალური საოპერაციო პროცედურები, რომელიც დაეხმარება მათს სამუშაოს უკეთესად განხორციელებაში. ეს რეკომენდაციები და პროცედურები უკვე საბოლოო სტადიას გადიან და ჩვენ ამ პროცესში გვყავდა ჩართული სოციალური მუშაკები, მათთან დადიოდა ექსპერტი და ეკითხებოდა სხვადასხვა საკითხზე მოსაზრებას. ასევე რამდენიმე კვირაა, მინისტრთან და მის მოადგილესთან ერთად ვმუშაობთ და ვხვდებით სხვადასხვა სოციალურ მუშაკებს, რადგან სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, სტრუქტურა და სამუშაო ისე განისაზღვროს, რომ ჩვენი მოსახლეობა და ბენეფიციარები არ დაზარალდნენ და პირიქით, მათთვის მომსახურება გაუმჯობესდეს. ასევე შექმნილია საბჭო მინისტრის თავმჯდომარეობით, სადაც ასევე სოციალური მუშაკები არიან ჩართული“, – აცხადებს ნუცი ოდიშარია.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. მათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართეს.