სოფო კილაძე – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სოციალური მუშაკების გაფიცვა დროულად და ისე დასრულდეს, როგორც ორივე მხარის ინტერესშია
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სოციალური მუშაკების გაფიცვა დროულად დასრულდეს და ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ჩანს ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიოს.
„სოციალური მუშაკის პროფესია უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ ჩვენი ინიციატივით გასულ წელს „სოციალური მუშაობის შესახებ“ ახალი კანონი მივიღეთ, რომელშიც აბსოლუტურად ყველა გარანტიაა გათვალისწინებული, მათშორის, ხელფასების მომატება, რომელსაც დღესდღეობით სოციალური მუშაკები ითხოვენ. ჩვენ ამ პროცესს წელს ვამზადებთ და მომავალი წლიდან შესრულებას უკვე ვიწყებთ. მათშორის, სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების მომატებას, ასევე უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების შექმნას“, – განაცხადა კილაძემ.
მისივე თქმით, დღეს კომიტეტის სხდომაზე შედგება მოსმენა, თუ როგორ მიმდინარეობს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები, კონკრეტულმა უწყებამ რა ნაბიჯი გადადგა კანონის აღსრულებისთვის.
„იმედი მაქვს და ჩანს ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გაფიცვა დროულად დასრულდეს და ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.