დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ სოციალური მუშაკები გაფიცვას ხვალიდან შეწყვეტენ
დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ სოციალური მუშაკები გაფიცვას ხვალიდან შეწყვეტენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ სოციალური მუშაკები გაფიცვას ხვალიდან შეწყვეტენ.

ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ მუშაკებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საბოლოო შეთანხმება ასეთია, რომ ყველა პუნქტი განვიხილოთ გავაანალიზოთ. საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო და ვფიქრობ, არც ერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი. ფორმალიზებულად, ისინი სოციალურ მუშაკებს ყველაფერს გააცნობენ, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტის შესახებ. ამიტომ ვფიქრობ, ხვალიდან გაფიცვა შეწყდება.

რაც შეეხება შეთანხმებას, ხელფასი კანონით განსაზღვრულია. ცხრა თვეში მოიმატებს და იქნება 1 200 ლარი. სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ეს პერიოდი შევამციროთ. რა დანახარჯებიც მათ აქვთ, მაგალითად, იგივე ტრანსპორტზე, ამაზე კონკრეტული გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია, ავტომობილები დაემატება. გეგმა, რასაც ვაპირებთ, მათთვის უმეტესწილად მისაღები აღმოჩნდა. მათ ფინანსური ტვირთი შეუმცირდებათ. ფსიქოლოგებსა და იურისტებზე მათ ნაწილობრივი ინფორმაცია ჰქონდათ. თბილისში უკვე მივიღეთ ერთი ფსიქოლოგი, რა თქმა უნდა, კიდევ ვაპირებთ, მათ შორის რეგიონებში“, განაცხადა დავით სერგეენკომ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც 25 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ, დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელშიც სამინისტრო მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ.

საქართველოს პირველმა არხმა ჯანდაცვის სამინისტროდან 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოითხოვა.

25 მარტიდან 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ.