ჯანდაცვის სამინისტრო - მოვუწოდებთ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ
ჯანდაცვის სამინისტრო - მოვუწოდებთ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან პირველ არხს აცნობეს, სოციალურ მუშაკებთან თანამშრომლობით, უკვე შემუშავებულია 4-პუნქტიანი გეგმა, თუმცა, სოციალური მუშაკების განცხადებით, უწყების მიერ მომზადებული გეგმა მათ მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც 25 მარტიდან, 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ.

პირველმა არხმა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველი პუნქტი გულისხმობს „სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას“ და მის თანახმად, აპრილიდან მოხდება ადმინისტრაციული საქმეების სხვა თანამშრომლებზე გადანაწილება; ყველა ტერიტორიულ ერთეულში გამოიყოფა სპეციალისტი, რომლებიც განახორციელებენ ადმინისტრაციულ საქმეებს, მაგალითად, სოციალური პროგრამების განცხადების მიღებას, ვაუჩერის ბეჭდვას, გაცემას, ხელშეკრულებების ბაზაში ასახვას და ა.შ. გამარტივდება სამხარაულთან ურთიერთობა ელექტრონული ხელმოწერების დანერგვის გზით; გაუმჯობესდება მანდატურის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სამსახურთან კოორდინაცია; მოხდება სოციალური მუშაკების დამატება – მიმდინარეობს გასაუბრებების პროცესი არსებულ და დამატებით 30 ვაკანსიაზე; დამატებით 20 უნდა გამოიძებნოს პროგრამულად. დამატებით აყვანილი იქნება 20 საპროცესო სოციალური მუშაკი.

მეორე პუნქტი „უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება“ გულისხმობს შემდეგი ცვლილებების განხორციელებას: სააგენტოში შიდა სტრუქტურის დახვეწა და გაძლიერება, რათა მოხდეს ტერიოტრიულ ერთეულებში ხელმძღვანელების უფრო აქტიური ჩართვა სოციალური მუშაკების სამუშაოში, ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებს უკუკავშირის სისტემის დახვეწა; კომუნიკაციის და უკუკავშირის გაძლიერება სამინისტროსთან – შექმინლია საბჭო, სადაც წარმოდგენილნი არიან სოციალური მუშაკები და სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები; აპრილიდან ბავშვთა კეთილდღეობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება.

მესამე პუნქტი ტექნიკურ ხელშეწყობას ითვალისწინებს და გულისხმობს: ტექნიკურ აღწერას ტერიტორიულ ერთეულებში (სამუშაოს განახორციელებს 3-კაციანი ჯგუფი); შესწავლილ იქნება, რა მდგომარეობაა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამ მიზნით უკვე მიმდინარე კვირიდან გამოიყოფა 2-კაციანი ჯგუფი; მოხდება ტრანსპორტის უზრუნველყოფის აღწერა ( გამოიყოფა 3 კაციანი ჯგუფი), 15 აპრილამდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში. აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და საჭირო რესურსის აღწერა.
ბოლო, მეოთხე პუნქტი სოცმუშაკთა პროფესიულ მხარდაჭერას გულისხმობს. კერძოდ, ამ პუნქტის თანახმად, უკვე დაწყებულია სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნა. 29 მარტისთვის იქნება მონახაზი სოცმუშაკთა ფუნქციების გაწერის და თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმების შესახებ. მოხდება რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა; 2019 წლის განმავლობაში მოხდება გარე სუპერვიზიის მექანიზმის შემუშავება და ბიუჯეტის მოძიება.

შეგახსენებთ, რომ სოცმუშაკებს სამინისტროს მიმართ 22-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ. მათ შორის ისინი იმ ექვს მოთხოვნას ასახელებენ, რომელთა დაუყოვნებლივ შესრულების შემთხვევაში მზად არიან სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. სოცმუშაკების ძირითადი მოთხოვნები ხელფასის 30 %-ით გაზრდა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაა, ასევე ისინი კადრების დამატებასა და საქმეთა რაოდენობის განახევრებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება და ყველა რეგიონისათვის მინიმუმ ერთი ფსიქოლოგის გამოყოფა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაფიცვის მიუხედავად, ყველა ბენეფიციარს სერვისები შეფერხების გარეშე მიეწოდება.