სოციალური მუშაკები დღეს დავით სერგეენკოს შეხვდებიან
სოციალური მუშაკები დღეს დავით სერგეენკოს შეხვდებიან

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც 25 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ, პრესკონფერენცია გამართეს.

მათი თქმით, სამინისტროსგან მათ მოთხოვნებზე პასუხი არ მიუღიათ. სოციალური მუშაკების განცხადებით, მათთვის სრულიად მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელშიც სამინისტრო მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ.

„სამინისტროსთან რეალური პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე არ მიგვიღია. ხაზგასასმელია, რომ დამსაქმებლის რიტორიკა გაფიცვამდე და გაფიცვის შემდგომ არ შეცვლილა და საუბრობენ „სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს“ მიერ დამტკიცებულ 4-პუნქტიან გეგმაზე, რომელზეც მსჯელობა მიდიოდა როგორც მედიაციის პროცესში, ასევე საბჭოს ფარგლებში და აღნიშნული გეგმა თავიდანვე მიუღებელი იყო სოციალური მუშაკებისთვის, ვინაიდან იგი წარმოადგენდა პრობლემების მხოლოდ ფასადურად მოგვარების მცდელობას“, – განაცხადა სოციალურმა მუშაკმა ზოია შეხოვცევამ.

მისივე თქმით, 4-პუნქტიანი გეგმა ვერ მოაგვარებს მათ პრობლემებს, რადგან გეგმა, რის საფუძველზეც დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, ფასადურია და რეალურად სოციალურ მუშაკების სამუშაოს მოცულობის შემცირებას საერთოდ არ ითვალისწინებს.

ამასთან, ზოია შეხოვცევას განცხადებით, თუ მოხდება ტექნიკური ხელშეწყობა, 4-პუნქტიან გეგმაში არ არის აღნიშნული, როგორ დაიგეგმება ყველა სერვისცენტრისა და რაიონული განყოფილებების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

როგორც პრესკონფერენციაზე ზოია შეხოვცევამ აღნიშნა, შექმნილია სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც წარმოდგენილები არიან სოციალური მუშაკები, სამინისტროსა და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. მათი თქმით, აღნიშნული საბჭო არ არის სოციალურ მუშაკთა მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი.

სოციალური მუშაკები დღეს, 12:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან. როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მთავარი მოთხოვნაა, შეხვედრა იყოს გამჭირვალე და საჯარო.

საქართველოს პირველმა არხმა ჯანდაცვის სამინისტროდან 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოითხოვა.

25 მარტიდან 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ.