თბილისსა და ბათუმში სოციალურმა მუშაკებმა მორიგი აქციები გამართეს
თბილისსა და ბათუმში სოციალურმა მუშაკებმა მორიგი აქციები გამართეს

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური მუშაკების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობამ ბიუჯეტიდან გამოყოს თანხა იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

სოციალური მუშაკების თქმით, აუცილებელია ფსიქოლოგების დამატება, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

ისინი ჯანდაცვის მინისტრის მიერ მიცემულ პირობას ფასადურს უწოდებენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ ბათუმშიც. პარლამენტში გამართული დღევანდელი სხდომის შემდეგ, ამბობენ, რომ იმედგაცრუებულები არიან.

„ჯანდაცვის სამინისტროსთვის შეთავაზებული 22 პუნქტიდან შევჯერდით ექვს პუნქტზე, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ ის ორი პუნქტი, რომელშიც საუბარი იყო ბიუჯეტის ცვლილებაზე, პარლამენტარების შეთავაზების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ეტაპზე უარი თქვა და სამომავლო განხილვისთვის გადაიტანა. გაფიცვას გავაგრძელებთ მანამდე, სანამ ბიუჯეტში ხელფასებისა და კადრების დამატებასთან დაკავშირებით არ მოხდება ცვლილებები”, – განაცხადა სოციალურმა, მუშაკმა ინგა დავითაძემ.

სოცმუშაკები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. მათი თქმით, გაფიცვა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება.