ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ 40 სოციალური მუშაკი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს
ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ 40 სოციალური მუშაკი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის მოწვევას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისგან განმარტებების გაკეთებას ითხოვს იმის თაობაზე, თუ 40 სოციალური მუშაკი სამსახურიდან რატომ გაათავისუფლეს.

ბექა ნაცვლიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებთან ერთად პრესკონფერენცია დღეს გამართა და აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებაში დისკრიმინაციული ნიშნები იკვეთება პოლიტიკური ან პროფკავშირული საქმიანობის ნიშნით.

დამოუკიდებელი დეპუტატის ინფორმაციით, სოციალური მუშაკების მიმართ ადგილი აქვს ანგარიშსწორებას, რადგან მათ ცოტა ხნის წინ პროტესტი გამოთქვეს უკეთესი პირობების შექმნის მოთხოვნით.

„სოციალური მუშაობის შესახებ” ახალი კანონით, ჯანდაცვის სამინისტროს 50 სოციალური მუშაკის დამატება უნდა უზრუნველეყო. ამის სანაცვლოდ, 40 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. კერძოდ, ის გამოცდილი ადამიანები გაუშვეს, ვისზეც ეს სამსახური იდგა. ეს ადამიანები ახალგაზრდა სოციალურ მუშაკებს გზას უკვალავდნენ“, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრისგან პასუხებს ითხოვს კითხვებზე – რეორგანიზაციის დროს რითი იყო განპირობებული სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება და ეს რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდა.

ამასთან, სოციალური მუშაკის, თეა მაღრაძის განცხადებით, დაპირება იყო, რომ კადრების დამატება მოხდებოდა, თუმცა ამის საპირისპირო ნაბიჯები გადაიდგა. მაღრაძე ამბობს, რომ მათ არ განუმარტეს, სამსახურიდან რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით გაათავისუფლეს. ის მიიჩნევს, რომ სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა და საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართავენ.

დატოვე კომენტარი