სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ გაფიცვის რეჟიმს შეინარჩუნებენ
სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ გაფიცვის რეჟიმს შეინარჩუნებენ

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეთავაზებას დაელოდებიან, მანამდე კი გაფიცვის რეჟიმს შეინარჩუნებენ.

როგორც პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის შემდეგ სოციალურმა მუშაკმა, ნანა გოჩიაშვილმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს პარლამენტისგან მითითება მიეცა, რომ მან ყველა ის ხარჯი დაითვალოს, რომელიც სოციალური მუშაკების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო იქნება.

„გაფიცვის რეჟიმს ვინარჩუნებთ და დაველოდებით ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ რას შემოგვთავაზებს. ასევე, სხდომის ბოლოს გაჟღერდა ის, რომ პარლამენტის წევრები სოციალური მუშაკების მოთხოვნებს მხარდაჭერას უცხადებენ. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მითითება მიეცა, რომ მან ყველა ის ხარჯი დაითვალოს, რომელიც სოციალური მუშაკების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იქნება საჭირო. პარლამენტს მიმართონ და ალტერნატიული ფინანსების მოძიება დაიწყონ”, – განაცხადა ნანა გოჩიაშვილმა.

სოციალური მუშაკის, თეა მაღრაძის თქმით კი, პარლამენტისგან მიიღეს დაპირება იმ პრობლემების გადაწყვეტაში დახმარების შესახებ, რასაც მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ წყვეტს.

„ჩვენ ისევ გაფიცვის რეჟიმში ვართ. იმედი გვაქვს, მთავრობა აქტიურად ჩაერთვება და იმ პრობლემატურ საკითხებს მოაგვარებს, რისთვისაც გავიფიცეთ,” – განაცხადა თეა მაღრაძემ.