სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ და სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. როგორც სოციალურმა მუშაკმა ზოია შეცოვცევამ განაცხადა, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება, გაფიცვა შეეწყვიტათ.

„ვიმედოვნებთ, პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას ჯეროვნად შეასრულებს. ყველა ადამიანი, ვინც იცნობს სოციალური მუშაობისა და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იზიარებს, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლები სოციალური მუშაკის მოვალეობებს ვერ შეასრულებენ. გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე“, – აცხადებს სოციალური მუშაკი ზოია შეხოვცევა.

სოციალური მუშაკები პროფესიული კავშირის დაფუძნებას აანონსებენ. მათი განმარტებით, ყველა იმ საკითხის განხილვას, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავენ. ამასთან, მათივე თქმით, შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჯერ დოკუმენტურად არ გაფორმებულა და იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.

სოციალური მუშაკების განცხადებით, პირველ აპრილს მათ  მიმართეს თხოვნით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს, რათა პარლამენტს ამ ორ უწყებას შორის კოორდინირების საკითხი უზრუნველეყო.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში ფინანსთა და სოციალური დაცვის მინისტრები სოციალური მუშაკების პრობლემებზე სამსჯელოდ არიან დაბარებული. ამის შესახებ პარლამენტს თხოვნით გუშინ მივმართეთ. იმედი გვაქვს, მინისტრები ჩვენი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზების საკითხზე იმსჯელებენ“, – განაცხადა ზოია შეხოვცევამ.