ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა „მოსქუირიქსის“ გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა „მოსქუირიქსის“ გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის, „მოსქუირიქსის“ გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „გლაქსოსმიტკლაინის“ მიერ შემუშავებულ მედიკამენტს ექვს წელზე მეტია, სუბსაჰარული აფრიკის სამ ქვეყანაში – განაში, კენიასა და მალავიში, საპილოტე პროგრამის ფარგლებში ცდიდნენ.

მალარია ძირითადად ახალშობილებისა და ჩვილებისთვის წარმოადგენს მომაკვდინებელ საფრთხეს. პარაზიტი, რომელიც კოღოს საშუალებით სისხლში ხვდება, მის უჯრედებს ანადგურებს. მხოლოდ 2019 წელს აფრიკაში მალარიით 260 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.

როგორც „ბიბისი“ წერს, 2.3 მილიონი დოზა ვაქცინის გამოყენების შედეგად, დაკვირვებამ ცხადყო, რომ ვაქცინამ 30%-ით შეამცირა მალარიის მწვავე შემთხვევები. ვაქცინის სამ დოზას ჩვილებს 5, 6 და 7 თვის ასაკში უკეთებენ, მეოთხე – საბოლოო დოზას კი, 18 თვის ასაკში. ამასთან, კვლავ აუცილებელია ბავშვების საწოლის შემოსაზღვრა მწერებისგან დამცავი ბადით და მწერების საწინააღმდეგო ინსექტიციდების გამოყენება.