ჯაბა ჯიშკარიანი - მზად ვარ, სადაც გუნდს დავჭირდები, იქ ვემსახურო მთაწმინდელების ინტერესებს
მზად ვარ, სადაც გუნდს დავჭირდები, საკრებულოში თუ პარლამენტში, იქ ვემსახურო მთაწმინდელების ინტერესებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, მაჟორიტარად მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვასთან დაკავშირებით.
როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, ამ საკითხზე ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში განხილვა არ დაწყებულა.
„მთაწმინდაზე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამასთან დაკავშირებით ჩემი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოში განხილვები არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, შეჯერდებიან, ვინ იქნება კანდიდატი. რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა მე, მზად ვარ, სადაც გუნდს დავჭირდები, საკრებულოში თუ პარლამენტში, იქ ვემსახურო მთაწმინდელების ინტერესებს და მთელი ჩემი ენერგია მოვახმარო ამ უბნის კეთილდღეობასა და ხალხზე ზრუნვას“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა.
პარლამენტში მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. შესაბამისად, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.