გიორგი ტყემალაძე - ჩვენ ვრჩებით იმ ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგული, რომლითაც დღემდე მოვედით
გიორგი ტყემალაძე - ჩვენ ვრჩებით იმ ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგული, რომლითაც დღემდე მოვედით

ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ამის შესახებ ინფორმირებული ვიყავით, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს უმრავლესობიდან დეპუტატების, ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტანგ შაქარიშვილის წასვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჯაბა ჯიშკარიანი და ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში განაგრძობენ საქმიანობას.

„ისინი თავიანთ მომავალ საქმიანობას უკავშირებენ სხვა ორგანიზაციას და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი. ისინი რჩებიან საკრებულოს წევრებად და გააგრძელებენ საქმიანობას, როგორც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრები. რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრებს, ნახეთ და მოისმინეთ, ვინც მიიღო წასვლის გადაწყვეტილება, გააკეთეს განცხადება, სხვა მოლოდინები არ გვაქვს. ეს მათი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისი თქმით, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა, საკრებულოს უმრავლესობა დატოვა.

„ჩვენ ვრჩებით იმ ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგული, რომლითაც მოვედით დღემდე“, – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვეს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ჯიშკარიანი და შაქარიშვილი „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.