ჯაბა ჯიშკარიანი ინიციატივით გამოდის, „მზიურის“ პარკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს
ჯაბა ჯიშკარიანი ინიციატივით გამოდის, „მზიურის“ პარკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ჯაბა ჯიშკარიანი დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „მზიურის“ პარკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად  სათვალთვალო კამერების დამონტაჟების ინიციატივით გამოვიდა.

„მოქალაქეების ჯგუფმა, კონკრეტულად მშობლებმა მომმართეს „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავაგზავნე, შსს-დან და კახი კალაძისგან რეაგირებას ვითხოვ. „მზიურის“ პარკი გაკეთდა და ძალიან კარგია. ეს სახელმწიფოს ცენტრალური პროექტი იყო და ამას ყველა მივესალმებით, მაგრამ იქ დღეს არც ერთი სათვალთვალო კამერა არ არის დაყენებული და თითქმის ყოველდღე მოზარდებს შორის ძალადობა ხდება. მინდა, ვსთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს და თბილისის მერს, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნა უზრუნველყონ. კერძოდ, სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს. დღეს პარკში მერიის უსაფრთხოების სამსახურის ოთხი დაცვის თანამშრომელია, რომლებიც აცხადებენ, რომ ვერ აუდიან ფართო ტერიტორიიდან გამომდინარე, ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევას. თუ მერიის უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს თავს ვერ ართმევს, მაშინ დაცვის პოლიციას ვსთხოვოთ ამ ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამ განცხადებაზე არის რამდენიმე ხელმომწერი, მშობლები, რომელთა შვილებიც დაზარალდნენ და მინდა, ამასთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოს ბატონმა ვახტანგ გომელაურმაც. ეს სწრაფად არის გასაკეთებელი, რათა შესაძლოა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდეს. აქ მარტო „მზიურზე“ საუბარი არ არის. არამედ თბილისში არსებულ ყველა სკვერზე, სადაც მოზარდები იკრიბებიან და რაღაც მიზეზების გამო პოლიციის ყურადღება არის ნაკლები შესაძლო ფატალური შედეგების მიმართ. ათი დღის განმავლობაში, იმედია, წერილობით პასუხს გვაცნობებენ“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.