შალვა შავგულიძე - მე მხარი დამიჭირა არა მარტო მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა
შალვა შავგულიძე - მე მხარი დამიჭირა არა მარტო მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურის ირგვლივ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური სპექტრისა და პოლიტიკური პერსონების კონსოლიდაცია მოხდა.

ამის შესახებ შავგულძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შავგულძემ აღნიშნა, მისი კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა არა მარტო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ასევე წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ,  დავით უსუფაშვილმა და სხვებმა – დავით ბერძენიშვილმა, თინა ხიდაშელმა, ირაკლი ალასანიამ და ა.შ.

„ქართულმა ოცნებამ“ თავის პოლიტიკა იმდენად არასწორად წარმართა და იმდენად საშიშროების წინაშე დადგა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი ამ არასწორი პოლიტიკის შედეგად, რომ ამან ბუნებრივად გააჩინა დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური სპექტრისა და პოლიტიკური პერსონების კონსოლოდაციის მოთხოვნა. რამდენადაც ეს პოლიტიკური პერსონები დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენენ და ასეთი პოლიტიკური ბლოკის ერთობლივი კანდიდატი ამ არჩევნებში მე ვარ, ეს კონსოლიდირება ჩემი კანდიდატურის ირგვლივ მოხდა და თითოეულ მათგანს მადლობას ვუცხადებ“, – განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, განსხვავებული პოლიტიკური წარსულისა და პოლიტიკური გემოვნების პერსონების მიერ ერთი კანდიდატის მხარდაჭერა უხერხულობას არ იწვევს.

„ვინაიდან აქ დგას საკითხი, თუ რას ვუჭერთ მხარს – ჩვენი ქვეყნის ცივილიზებულ მომავალს, ევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრირებასა, თუ რუსულ სივრცეში დაბრუნებას, რა ნიშნებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში შეინიშნება. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. რეგიონებში, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რეგიონში 9 მაისის აღნიშვნა ვნახეთ, როგორი ანტისახელმწიფოებრივი გამონათქვამები იყო, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და გამათავისუფლებელია. ვისგან გამათავისუფლებელს გულისხმობდნენ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისგან დაიცალა ის რეგიონები. ასეთ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ აქციაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატი მონაწილეობდა. „ქართული ოცნება“ მას არ გამიჯვნია. ეს ერთი მარტივი მაგალითია, თორემ, როგორ აბამს ბიძინა ივანიშვილი ქართულ ეკონომიკას რუსულ ეკონომიკასა და რუსულ გაზსა და ნავთობს, საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი გადღაბნილი და არამკაფიო ორიენტირებით, როგორ თანდათან შენელდა ჩვენი სვლა ევროატლანტიკური მიმართულებით, ეს ყველაფერი ამ საშიშროებას აყენებს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, დასავლური პოლიტიკური სპექტრი ამ საშიშროებას გრძნობს და კონსოლიდაციაზე მოთხოვნა უჩნდებათ.

ამასთან, შალვა შავგულიძე კარგად დასმულს არ უწოდებს კითხვას, ერთ სიბრტყეზე აყენებს თუ არა სააკაშვილსა და დანარჩენ პოლიტიკოსებს.

„დასავლური ორიენტაციის თვალსაზრისით, ეს პოლიტიკური პერსონები ერთი მიმართულებით მხედავნი არიან. სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვინ მაკრიტიკებს? ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე. შავ პიარში მოსამართლე მურუსიძე ჩაერთო, რომელიც შემოქმედი იყო, ანუ ადამიანები, რომელიც მაშინ, როდესაც სანდრო გირგვლიანისა და მისი ოჯახის ინტერესები დასაცავი იყო ჰორიზონტზეც არ ჩანდნენ. პირიქით, ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ იმ პოლიტიკურ ძალასთან.  უსამართლობასთან ერთნაირად იყო საბრძოლი, როგორც წინა ხელისუფლების დროს, რასაც ვაკეთებდი და იგივეა საბრძოლი ამ ხელისუფლების დროს, რასაც ვაკეთებ. „ქართული ოცნება“ სწორედ ამ ნიშნით დავტოვე“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, ვისთანაც ერთიანდება უსამართლობის წინააღმდეგ,  ყველასთან ითანამშრომლებს.

„დღეს უსამართლობას ვინ ჩადის, ვინ დანიშნა უვადოდ საკასაციო ინსტანციის მოსამართლე მურუსიძე – „ქართულმა ოცნებამ“;  რამდენიმე დღის წინ უვადოდ ვინ დანიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიგიტაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“. ამ უსამართლობის შედეგებია მაჩალიკაშვილის საქმე, სარალიძის საქმე, კაბელების საქმე და სხვა მრავალი. რადგან „ქართულმა ოცნებამ“ და მათმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ემანდ რამე არ დამაბრალოს, მე ისეთი უპასუხისმგებლო გავხდები, რომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებ? მარტო ჩემი და ჩემი პოლიტიკური ძალის ბრძოლა საკმარის იქნება, ამ ტოტალური სახელმწიფო უსამართლობის წინააღმდეგ.

ვისთანაც ვერთიანდები ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ყველასთან ვითანამშრომლებ. ვერ ვითანამშრომლებ იმ ძალებთან, რომელთანაც ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ხედვაში თანხვედრა არ მექნება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.