ივანე მაჭავარიანი - დაგროვებითი სისტემის გარეშე პენსია ვერასდროს იქნება საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის 
ივანე მაჭავარიანი - დაგროვებითი სისტემის გარეშე პენსია ვერასდროს იქნება საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის 

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია იმისთვის, რომ მოქალაქეებს უზრუნველყოფილი სიბერე ჰქონდეთ , – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრმა დაგროვებითი პენსიის პრინციპსა და მიზნებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ახალი საპენსიო სისტემა არანაირი დამატებით გადასახადს არ გულისხმობს.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის 4 პროცენტიანი გადასახადი. საგადასახადო კოდექსში ცვლილება არ მიგვიღია და ეს არ არის გადასახადი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სიბერე. არის საუბრები იმაზე, რომ დღეს დაწყებული დაგროვება როდის მოუწევს ადამიანს, სჭირდება თუ არა ღირსეული პენსიის დაგროვებას 20 წელი ა.შ. ამ კითხვების გათვალისწინებით შემუშავდა საპენსიო რეფორმა. ამიტომაც 40 წელს ასაკს ზემოთ ეს ნებაყოფლობითია, მანამდე კი, სავალდებულო“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საპენსიო რეფორმა ადრე თუ გვიან დასაწყებია.

„თუ ჩვენ დაგროვებით პენსიაზე ვერ გადავედით, ვერასდროს იქნება პენსია საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის. დღევანდელი სახით არსებული საყოველთაო პენსია არითმეტიკულად შეუძლებელი იქნება, იმ თანხაზე ავიდეს. ამიტომ ავირჩიეთ დაგროვებითი გზა. არანაირ 4 პროცენტიან გადასახადს არ აქვს ადგილი: 2 პროცენტს დებს დასაქმებული, 2 პროცენტს  – დამსაქმებელი, ხოლო 2-ს სახელმწიფო და ეს გროვდება თქვენს ინდივიდუალურ ანგარიშზე. ეს რომ გადასახადი იყოს, წავიდოდა ბიუჯეტში და სხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ თანხა დევს თქვენს ანგარიშზე“, – განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ შემდეგ ამ თანხას მართავს საპენსიო სააგენტო, ზრდის და ფულის სწორი ინვესტიციებით ხარისხიანად დაბანდება ხდება.

ივანე მაჭავარიანის თქმით, კანონის მიღებამდე ბიზნესთან ფართო კონსულტაციები გაიმართა. მისი თქმით, ტექნიკურად სისტემის დანერგვის შესახებ შესაძლოა, ცნობადობის ნაკლებობა იყოს, მაგრამ საპენსიო სააგენტო ამის შესახებ საინფორმაციო კამპანიას განახორციელებს, რათა ბიზნესს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს.

„არ მგონია, საპენსიო რეფორმის გადავადებაზე საუბარი იყოს. ამას კანონი არეგულირებს”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მასში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის დასაქმებული მოქალაქეებისთვის, ხოლო 40 წლის ზევით – ნებაყოფლობითი. სისტემის მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება შემდეგნაირად ხორციელდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; დამსაქმებელი მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს  დასაქმებულზე  გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; მონაწილე თვითდასაქმებული ახორციელებს საპენსიო შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით; ასევე, სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2 პროცენტს.