ივანე ჩხაიძე - „სინოვაკი“ მაღალეფექტური ვაქცინაა, დამზადებულია კლასიკური ტექნოლოგიით, რომელიც სავარაუდოდ განაპირობებს მის ძალიან უმნიშვნელო გვერდით მოვლენებს
ივანე ჩხაიძე - „სინოვაკი“ მაღალეფექტური ვაქცინაა, დამზადებულია კლასიკური ტექნოლოგიით, რომელიც სავარაუდოდ განაპირობებს მის ძალიან უმნიშვნელო გვერდით მოვლენებს

დღეისათვის მართლაც დიდია ვაქცინაზე მოთხოვნა, სამწუხაროდ, ვაქცინების რაოდენობა საქართველოში ყველასათვის საკმარისი არ არის, რაც ამ პერიოდისთვის გარკვეულწილად მისაღებია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩაიძემ აღნიშნა, „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი ისეთივე გარდამტეხი იქნება, როგორც „სინოფარმით“ ვაქცინაციის შემთხვევაში მოხდა.

„დღეისათვის მართლაც დიდია ვაქცინაზე მოთხოვნა, სამწუხაროდ, ვაქცინების რაოდენობა საქართველოში ყველასათვის საკმარისი არ არის, რაც ამ პერიოდისთვის გარკვეულწილად მისაღებია, ვინაიდან, ჩვენ მაქსიმალური აქცენტი გვაქვს მასობრივი იმუნიზაციის კამპანიაზე, რომლის დროს არც 100 და არც 200 ათასი დოზა ვაქცინა საკმარისი არ იქნება, მაგრამ მანამდე ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გავიაროთ, გავიაროთ ისე რომ ვაქცინებზე მოთხოვნა საშუალო მაინც დაკმაყოფილებული იყოს. რაც მთავარია, ის პოზიტიური დამოკიდებულება და უფრო მეტი ნდობა მოსახლეობაში რაც გაჩნდა, ვაქცინების მიმართ შევინარჩუნოთ. „სინოვაკზე“ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც ეხებოდა ინდონეზიაში 129 ათას ექიმში და ჯანმრთელობის მუშაკში ჩატარებულ კვლევას, რომელმაც ძალიან მაღალი ეფექტურობა აჩვენა და ძალიან კარგი იქნება თუ ამ ეფექტურობას ჩვენ შევადარებთ დღეისათვის საქართველოში ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად „ფაიზერის“ ვაქცინას. ის მონაცემები, რომელიც ამ კვლევიდან ჩანს, მიუთითებს, რომ განსხვავება „ფაიზერსა“ და „სინოვაკს“ შორის სულ 3-4 პროცენტია. 3 პროცენტი როცა ვამბობთ ლეტალობის შემცირებაზე და 4 პროცენტი, როცა ვსაუბრობთ მძიმე შემთხვევების თავიდან აცილებაზე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, „სინოვაკი“ მაღალეფექტური ვაქცინაა, ტექნოლოგია, რითიც დამზადებულია, ეს არის ის ტრადიციული კლასიკური ტექნოლოგია, რომელიც სავარაუდოდ განაპირობებს მის ძალიან უმნიშვნელო გვერდით მოვლენებს.

„ეს გვერდითი მოვლენები არ ცილდება ლოკალური და ისეთი სისტემური გვერდითი მოვლენების ჩამონათვალს. როგორიც არის მაგალითად ცხელება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი. ეს არის გვერდითი მოვლენები, რომლებიც ორ-სამ დღეში თავისით ქრება“, – განაცხადა ჩხაიძემ.