კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის წესების არაერთგზის დარღვევის გამო, „ტვიტერმა“ კონგრესმენ მარჯორი ტეილორ გრინის პირადი ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა
კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის წესების არაერთგზის დარღვევის გამო, „ტვიტერმა“ კონგრესმენ მარჯორი ტეილორ გრინის პირადი ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

ტვიტერმა“ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის პირადი ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა „კოვიდ-19“-ის შესახებ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის წესების დარღვევისთვის. აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯორჯიის შტატის წარმომადგენელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „ტვიტერმა“ ანგარიშზე წვდომა ოთხჯერ მოკლე ვადით შეუზღუდა.

როგორც გრინმა განაცხადა, „ტვიტერის“ გადაწყევტილება არის დასტური, რომ კომპანია „ამერიკის მტერია“. „ტელეგრამით“ გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სოციალური მედიის პლატფორმები ვერ შეაჩერებს სიმართლის ფართოდ გავრცელებას.

„ბიბისის“ ცნობით, წარმომადგენელთა პალატის წევრის პირადი ანგარიშის დაბლოკვის მიზეზი გახდა მისი ცრუ პოსტი იმის შესახებ, თითქოს აშშ-ში კოვიდვაქცინებისგან უკიდურესად ბევრი გარდაცვალების შემთხვევებია.

კომპანია „ტვიტერში“ აცხადებენ, რომ კონგრესმენის ანგარიშის სამუდამოდ დაბლოკვის მიზეზი კორონავირუსის დეზინფორმაციის პოლიტიკის წესების არაერთგზის დარღვევა გახდა. „ტვიტერის“ პოლიტიკის თანახმად, კომპანიას შეუძლია, ოთხჯერ დროებით შეზღუდოს ანგარიშზე წვდომა მის მუდმივად დაბლოკვამდე. მეოთხე გამაფრთხილებელი შეზღუდვა გრინს აგვისტოში დაუწესდა.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი შეზღუდვის პოლიტიკით, რომ ჩვენ მუდმივად შევაჩერებთ ანგარიშებს პოლიტიკის განმეორებითი დარღვევებისთვის“, – განაცხადა „ტვიტერის“ წარმომადგენელმა.

მარჯორი ტეილორ გრინი წარმომადგენელთა პალატაში 2020 წელს აირჩიეს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ის წარსულში დაკავშირებული იყო კონსპირაციული თეორიის მიმდევარ მოძრაობა QAnon-თან. ის კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების აქტიური მოწინააღმდეგეა და ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინების ეფექტიანობას. კონგრესში კოვიდრეგულაციების, მათ შორის პირბადის ტარების წესის, დარღვევისთვის გრინი არაერთხელ დაუჯარიმებიათ.

2021 წლის თებერვალში მარჯორი ტეილორ გრინი უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების წახალისებასა და დემოკრატების წინააღმდეგ ძალადობის მხარდაჭერის ბრალდებით განათლებისა და ბიუჯეტის კომიტეტებიდან გარიცხეს.