იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში გადაწყვეტილების გასაჯაროებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში გადაწყვეტილების გასაჯაროებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში გადაწყვეტილების გასაჯაროებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება.

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის პირვანდელი ვერსია შეიცვალა და ეს ნაწილი დაზუსტდა.

კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციით განისაზღვრებოდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომის დეტალების გასაჯაროვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევდა, მაგრამ ეს ჩანაწერი კანონში აღარ არის.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონში აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. თუ რა სახის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული, ეს კანონში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა შესაძლოა, ეს იყოს დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

მმართველი გუნდის ლიდერებმა განმარტეს, რომ პასუხისგბელობის მექანიზმები შესაძლოა, კანონმდებლობაში მოგვიანებით გაიწეროს.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მიმდინარე კვირას 83 ხმით დაამტკიცა. ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ქულებით შეაფასოს და საკუთარი გადაწყვეტილება დაასაბუთოს. ასევე, შემოდის კანდიდატის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი ყველა ეტაპზე.

რაც შეეხება საბჭოში გამართულ კენჭისყრას, კენჭისყრა იქნება ღია, მაგრამ არა საჯარო. სწორედ ამ ნორმას ეხება ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პოზიცია მომავალ კვირას გახდება ცნობილი.