ბექა დავითულიანი - კანონპროექტი მომავალი თაობის მავნე ზეგავლენისა და პროპაგანდისგან დაცვისკენაა მიმართული, ჩვენი სურვილი იყო, ცვლილებების შემუშავებაში ჩართულიყო ფართო პოლიტიკური სპექტრი
ბექა დავითულიანი - კანონპროექტი მომავალი თაობის მავნე ზეგავლენისა და პროპაგანდისგან დაცვისკენაა მიმართული, ჩვენი სურვილი იყო, ცვლილებების შემუშავებაში ჩართულიყო ფართო პოლიტიკური სპექტრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი მომავალი თაობების მავნე ზეგავლენებისა და პროპაგანდისგან დაცვისკენაა მიმართული.

მისივე თქმით, ამავდროულად, ცვლილებები ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიით უნდა განხორციელდეს და უმრავლესობის სურვილი იყო, ცვლილებების შემუშავებაში ფართო პოლიტიკური სპექტრი ყოფილიყო ჩართული.

„უმრავლესობის სურვილი იყო, ჩართულიყო ფართო პოლიტიკური სპექტრი, რათა რაიმე შეცდომა არ დაგვეშვა და ადამიანის უფლებები რაღაც ფორმით არ ხელგვეყო. ოპოზიცია საერთოდ არ ჩაერთო ამ საკითხში და უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის ისეთი პუნქტების გათვალისწინებით, რომლებსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. შესაბამისად, ოპოზიციას მოუწევს, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და პროცესში ჩაერთოს ან პირდაპირ თქვას, რომ ამას არ ემხრობა. მათ მოუწევთ, პასუხი გაგვცენ, სურთ, რომ პროპაგანდა შეიზღუდოს და ყველას უფლება იყოს დაცული, მათ შორის იმის, ვისაც შეიძლება, ეს ცვლილებები შეეხოს, ამაზე ვიმუშაოთ, თუ არ სურთ. ეს დაფიქსირდება კენჭისყრის პროცესში მათი უშუალო მონაწილეობით“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოპოზიციას საკუთარი აზრის დაფიქსირება მოუწევს, თუნდაც იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მათი ხმების გარეშე ვერ განხორციელდება.

„მოლოდინებს ჯერ არ შევეხები. ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში ხდება ამ საკითხებზე ხელოვნური პედალირება. ეს პროპაგანდა სკოლებში შედის და მდგომარეობა რთულდება, რაც საზოგადოებას ხლეჩს. ჩვენი ამოცანაა, ადამიანები, ვისაც განსხვავებული სექსუალური იდენტობა აქვთ, იყვნენ დაცული და თავისუფლები ამ ქვეყანაში, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ხდებოდეს სკოლებში შეჭრა ისეთი უხეში ფორმებით, როგორც ზოგიერთ ქვეყანაში ხდება. ჩვენ დავაინიცირეთ იმ ტიპის ცვლილებები, რომელშიც ოპოზიციას მონაწილეობა მოუწევს, რადგან მხოლოდ უმრავლესობის ხმები არ ეყოფა. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ რაღაც ავიჩემეთ, ჩვენ გვინდა, ეს იყოს შეთანხმების საგანი პოლიტიკურ სპექტრს შორის და ამაზე აზრის დაფიქსირება მოუწევთ, თუნდაც იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მათ გარეშე ვერ განვახორციელებთ. არის საკანონმდებლო დონის ინიციატივებიც, ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები და საკონსტიტუციო ცვლილება, რასთან დაკავშირებითაც მათ მოუწევთ თავიანთი აზრის დაფიქსირება“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო  უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.