სოზარ სუბარი - ოჯახურ ღირებულებათა დაცვაზე ცვლილებები საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც ქმედითი იქნება, ეს სტატუსი გვჭირდება, რათა განისაზღვროს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები
სოზარ სუბარი - ოჯახურ ღირებულებათა დაცვაზე ცვლილებები საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც ქმედითი იქნება, ეს სტატუსი გვჭირდება, რათა განისაზღვროს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები

საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ცვლილებები ქმედითი იქნება, საკონსტიტუციო სტატუსი კი გვჭირდება, რათა განისაზღვროს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი საჭიროა 113 ხმა.

„თავის დროზე, როცა საქართველოს კონსტიტუციაში იწერებოდა, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთიანობაა, ოპოზიციას მაშინაც ასეთივე როტორიკა ჰქონდა. ამბობდნენ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს და დისკრიმინაციულია, ჰომოფობიურია, თუმცა დღეს ყველა ის ადამიანი, რომელიც მაშინ გვაკრიტიკებდა, ამბობს, რომ ეს კარგი იყო, თუმცა საკმარისია და გავჩერდეთ, სადაც არის. ასე იქნება ამ კანონთან დაკავშირებითაც მომავალში. რაც შეეხება იმას, რატომ საკონსტიტუციო სტატუსი – საკონსტიტუციო საჭიროა, რომ ეს სტატუსი განისაზღვროს უმაღლეს დონეზე, რაც საქართველოს კანონმდებლობითაა დაშვებული, თუნდაც იმისთვის, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს, ამ კანონს შეეხოს. გარდა საკონსტიტუციო ცვლილებისა, მივიღებთ ცვლილებებს სხვა უამრავ კანონში, რომლებიც ძალიან მალე ამოქმედდება და მას 113 ხმა არ სჭირდება. ეს რეალურად გამოიწვევს იმას, რომ ცვლილებები, რაზეც ვსაუბრობთ, ქმედითი იქნება, თუმცა მის მაღალ სტატუსში ასაწევად დაგვჭირდება 113 ხმა. თუ ოპოზიცია დაუჭერს მხარს და დებატებში მონაწილეობას მიიღებს, ამ მოწვევის პარლამენტში განხორციელდება, თუ ეს არ მოხდება, მაშინ შემდეგი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს. საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც ეს ცვლილებები ქმედითი იქნება, საკონსტიტუციო სტატუსი კი გვჭირდება, რათა განისაზღვროს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.