იუსტიციის სამინისტრო - გაერო-ს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა საქართველოს სთხოვა, თავი შეიკავოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებისგან
გაერო-ს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა საქართველოს სთხოვა, თავი შეიკავოს საქართველოდან თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებისგან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 15 თებერვალს მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საჩივარი შეიტანა გაერო-ს წამების წინააღმდეგ კომიტეტში. იგი ჩივის, რომ თურქეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, დაირღვეს წამების წინააღმდეგ კონვენციის მესამე მუხლით გათვალისწინებული გარანტიები. კერძოდ, მისი მტკიცებით, თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ის შეიძლება დაექვემდებაროს წამებას. აღნიშნული კომიტეტის 2018 წლის 19 თებერვლის წერილით საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს საქართველოდან თურქეთში მომჩივნის ექსტრადირებისგან, სანამ ეს საქმე გაერო-ს კომიტეტში განიხილება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურმა გაერო-ს კომიტეტის 19 თებერვლის წერილი უკვე მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.