იუპიტერის მაღალი ხარისხის ფოტოებმა პლანეტის ბობოქარი შტორმების საიდუმლოს ფარდა ახადა
იუპიტერის მაღალი ხარისხის ფოტოებმა პლანეტის ბობოქარი შტორმების საიდუმლოს ფარდა ახადა

იუპიტერი მშვიდი ადგილი არ არის. გიგანტური პლანეტა ჩაძირულია ბობოქარ შტორმებში, გარს აკრავს ამღვრეულ ღრუბელთა ვრცელი ზოლები, რომლებიც პლანეტის წიაღში იმაზე ბევრად სქლად და ღრმად ივრცობა, ვიდრე დედამიწის ატმოსფერო კოსმოსში.

გაზის გიგანტი პლანეტის გაშმაგებული ამინდი იმდენად განსხვავდება დედამიწის ამინდისგან, რომ ასტრონომები მის შესწავლაში საკმაოდ წვალობენ. თუმცა, ახლახან, მისი ამ საიდუმლოს კიდევ ერთ ნაწილს აეხადა ფარდა, რაც ჯემინის ობსერვატორიისა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული საოცარი ახლო ინფრაწითელი და ოპტიკური ფოტოების საშუალებით მოხერხდა.

ჯემინის ახლო ინფრაწითელ ფოტოებზე დაფიქსირებულია იუპიტერის წიაღიდან მომდინარე თერმული რადიაციის ნათება მის ღრუბლებში. როდესაც ეს მასალა ჰაბლის მიერ გადაღებულ ოპტიკურ ფოტოებს შეურწყეს, მეცნიერებმა ადვილად შეძლეს შიდა და გარე აქტივობათა ერთად თავმოყრა.

მაღალი რეზოლუციის ფოტოებმა გამოავლინა, რომ ღრუბლების ის რეგიონები, რომლებიც ოპტიკურ ფოტოებზე მუქად ჩანს, სინამდვილეში ყველაზე მეტად კაშკაშებს ინფრაწითელში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეგიონებში შედარებით ცოტა უღრუბლო ზონა აქვთ სხვა ღია ფერის რეგიონებთან შედარებით.

„დაახლოებით გოგრის ფანრის მსგავსია. კაშკაშა ინფრაწითელს უფრო ვხედავთ უღრუბლო ზონებში, მაგრამ იქ, სადაც ღრუბლებია, ინფრაწითელში მუქად ჩანს“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი მაიკლ ვონგი.

მათ შორის არის მოღუნული ზოლიც დედამიწაზე ოდნავ დიდი ზომის მუდმივი შტორმის მქონე რეგიონის, დიდი წითელი ლაქის გარშემო. ამ შტორმში ასეთი მახასიათებლები წარსულშიც არის შემჩნეული, მაგრამ უცნობი რჩებოდა მათი გამომწვევი მიზეზი.

„ხილულ სინათლეში ჩატარებულ დაკვირვებებს არ შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს მუქი ღრუბლებისა და იუპიტერის თბილი წიაღის თავზე არსებული თხელი ღრუბლების მასალა; შესაბამისად, მათი ბუნება საიდუმლოებით იყო მოცული“, — ამბობს ნასას რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის პლანეტური მეცნიერი გლენ ორტონი.

ახალმა ფოტომასალამ ეს საკითხი საკმაოდ გარკვევით ამოხსნა. როდესაც ორი ფოტო ერთმანეთს შეადარეს, ელვარე ინფრაწითელი თაღი წმინდად დაემთხვა ოპტიკურ ჩრდილს, რამაც აჩვენა, რომ შეფერილობა აღნიშნავდა ღრმა ნაპრალს შტორმის მორევივით მგრგვინავ ღრუბლებში.

ნამდვილად საოცარია. ყველაფერი უფრო საინტერესო გახდა, როდესაც ამ ნაზავს შეურწყეს იუპიტერის გარშემო მოძრავი ნასას ხომალდის, „ჯუნოს“ მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ ჯუნო ახლო გადაფრენებს ახორციელებს იუპიტერის პოლუსებთან, დაფიქსირებული აქვს ელვის მიერ წარმოქმნილი ატმოსფერული რადიოსიგნალები.

პირველი რვა გადაფრენისას, ჯუნოს მიკროტალღურმა რადიომეტრულმა ინსტრუმენტმა 377 ელვა დააფიქსირა, რომლებიც ძირითადად პლანეტის პოლარულ რეგიონებში ხდებოდა. ეს ფაქტი საპირისპიროა დედამიწის მახასიათებელთან, რადგან ჩვენს პლანეტაზე ჭექა-ქუხილი უფრო ხშირად ეკვატორის გარშემო გვხვდება.

პლანეტურ მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი ის არის, თუ როგორ ათბობს მზე ორივე პლანეტას. ორივე შემთხვევაში, ეკვატორს მზე ათბობს. დედამიწაზე ეს იწვევს კონვექციურ ნაკადებს, რომლებიც ტროპიკულ ელჭექებს იწვევს.

მზისგან გაცილებით შორს მდებარე იუპიტერზე ეკვატორული გათბობა შედარებით სუსტია, სტაბილურია მხოლოდ ატმოსფეროს ზედა ნაწილში; ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ეს სტაბილური გათბობა ვერ აღწევს პოლუსებთან და შესაბამისად, ისინი უფრო ბობოქარია.

ჯუნოს მონაცემების ჯემინისა და ჰაბლის მონაცემებთან შერწყმამ ამ მშფოთვარე შტორმებს უფრო მეტი სინათლე მოჰფინა, გამოავლინა ღრუბლის სტრუქქტურები იმ ზონების გარშემო, სადაც ელვა წარმოიქმნება. ასტრონომთა განმარტებით, ჰაბლისა და ჯემინის მონაცემები გვეუბნება, რა სისქის არის ღრუბლები და რა სიღრმეზე ვიხედებით მათში.

ჯგუფმა დაადგინა, რომ ელვა წარმოიქმნება რეგიონებში, სადაც არის ნოტიო აირის ვრცელი კონვექციური კოშკები წყლის (გაყინული თუ თხევადი) ღრმა ღრუბლების თავზე. ამ შტორმების გარშემო არსებული სუფთა რეგიონების გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ არის კონვექცურ უჯრედებს გარეთ არსებული მშრალი ჰაერის დაბლა მიმართულებით მოძრაობა.

ეს კი თანხვედრაშია ე. წ. ჩაკეცილ ფილამენტურ რეგიონებთან, რადგან იუპიტერის უძლიერესი ქარები ღრუბლებს ჭიმავს და კეცავს. როგორც ეს ახალი ინფორმაცია მიუთითებს, ღრუბლები სავსეა კონვექციური აქტივობებით, ტურბულენტური პროცესების ნაზავით, რომლებსაც იუპიტერის წიაღის სითბო ხილული ღრუბლების თავზე ამოაქვს.

„ეს ციკლონური მორევები წიაღის ენერგიის ერთგვარი საკვამურებია, რომლებიდანაც ის კონვექციის გზით გამოიყოფა. ასეთი რამ მთელ პლანეტაზე არ ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ციკლონები კონვექციას გარკვეულწილად აადვილებს“, — ამბობს კვლევის ავტორი მაიკლ ვონგი.

ჯუნოს მისიის დასრულება მომავალი წლის ივლისშია დაგეგმილი. ეს აღმოჩენა ხომალდს მნიშვნელოვნად დაეხმარება მონაცემების შეგროვებაში.

„ამ მაღალი რეზოლუციის ხედების წყალობით, ამჟამად იუპიტერის ამინდის შესახებ ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ეს იგივეა, რაც ჩვენი ამინდის თანამგზავრები. ბოლოსდაბოლოს, უკვე შეგვიძლია დავიწყოთ იუპიტერის ამინდის ციკლებზე დაკვირვება“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა The Astrophysical Journal Supplement Series-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია gemini.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.