იუპიტერის უცნაური წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია - ახალი კვლევა
იუპიტერის უცნაური წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია - ახალი კვლევა

იუპიტერის ანომალიური ზომა და მისი ადგილი მზის სისტემაში, უკვე წლებია, მკვლევრებს საგონებელში აგდებს, რადგან არ ჯდება პლანეტათა ფორმაციის ჩვენეულ გაგებაში. თუმცა, ასტრონომები ფიქრობენ, რომ უკვე გაარკვიეს, თუ როგორ განთავსდა გაზის გიგანტი პლანეტა თავის ახლანდელ ადგილას.

ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, გიგანტური პლანეტები სისტემის გარე მისადგომებში იბადებიან, შემდეგ შიდა მიმართულებით გადაადგილდებიან და დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს მიდიან. თუმცა, ასე არ მოხდა იუპიტერის შემთხვევაში. იგი ორჯერ უფრო მასიურია, ვიდრე მზის სისტემის ყველა პლანეტა ერთად აღებული, მაგრამ მზეს გარს უვლის საკმაოდ შორიდან.

როგორც ჩანს, ახალმა კვლევამ იუპიტერის ისტორიის საიდუმლოს ფარდა ახადა. კომპიუტერული სიმულაციების მიხედვით, გაზის გიგანტი თავის ამჟამინდელ ადგილზე ოთხჯერ უფრო შორს დაიბადა, ურანის ახლანდელი ორბიტის სიახლოვეს, შემდეგ კი ნელა გადაადგილდა შიდა მიმართულებით, დაახლოებით 700 000 წლის განმავლობაში.

შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ასტრონომის, სიმონა პირანის განცხადებით, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა დასტურდება, რომ იუპიტერი მზისგან საკმაოდ შორს დაიბადა და შემდეგ, ნელ-ნელა მოვიდა ამჟამინდელ ადგილას.

კვლევა ეყრდნობოდა ასტეროიდებს, რომლებსაც ტროიანებს უწოდებენ. ისინი იუპიტერის ორბიტაზე მოძრაობენ. ერთი ჯგუფი იუპიტერის წინ მოძრაობს, მეორე კი კუდივით უკან მიჰყვება, გამრუდებულ რეგიონში, პლანეტის ლაგრანჟის წერტილის ცენტრში.

თუმცა, არის ერთი თავსატეხი. იუპიტერის წინ მოძრავი ჯგუფი დაახლოებით 50 პროცენტით მეტ ასტეროიდს მოიცავს, ვიდრე უკან მოძრავი.

ასტრონომ ანდრეს იოჰანსენის განცხადებით, მზის სისტემაში ასიმეტრია ყოველთვის დიდი საიდუმლოს უკავშირდება.

გამომდინარე აქედან, ჯგუფმა კომპიუტერული სიმულაციები ჩაატარა, რათა გაერკვია, რას შეიძლება გამოეწვია ასეთი უცნაური დისბალანსი.

მათ შეამოწმეს დროის სხვადასხვა მონაკვეთი, გარე მიმართულებით იუპიტერის მოძრაობის შესაძლებლობაც კი. გაირკვა, რომ სცენარი, რომელიც ტროიანების პოპულაციის ამჟამინდელი ადგილმდებარეობით სრულდება, წარიმართება მაშინ, თუკი იუპიტერი სიცოცხლეს იწყებს პლანეტური ჩანასახის სახით. ანუ, პლანეტა უნდა დაბადებულიყო 4,5 მილიარდი წლის წინ, მზისგან 18 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (ასტრონომიული ერთეული ეწოდება საშუალო მანძილს მზესა და დედამიწას შორის) მდებარე ყინულოვანი ასტეროიდისგან.

სულ რაღაც 2-3 მილიონ წელიწადში მას უნდა დაეწყო შიდა მიმართულებით მოძრაობა და საბოლოოდ განთავსებულიყო ამჟამინდელ ადგილას, მზისგან 5,2 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე. ამ პროცესს დაახლოებით 700 000 წელი უნდა დასჭირვებოდა.

მზისკენ უფრო და უფრო ახლოს, სპირალურად მიმავალი იუპიტერი გრავიტაციული ძალებით თანდათან იჭერდა ტროიან ასტეროიდებს. ამასთან, წინა ჯგუფში უფრო მეტი ასტეროიდი ჩაიჭირა, ვიდრე უკან მიდევნებულში.

ეს ყველაფერი მოხდა იქამდე, ვიდრე პლანეტოშენადედი მიიერთებდა გაზებს. იმ მომენტში იუპიტერი ჯერ ისევ კლდოვან სხეულებს იერთებდა, რომლებმაც საბოლოოდ წარმოქმნეს პლანეტის ბირთვი. შესაბამისად, დიდი ალბათობით, იუპიტერის ბირთვი იგივე კლდოვანი ნივთიერებებისგან შედგება, რისგანაც ტროიანი ასტეროიდები.

იუპიტერის დაბადების ადგილის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში უჩენდა თავსატეხს პლანეტურ მეცნიერებს, რადგან მათთვის ცნობილია, რომ გაზის გიგანტების წარმოქმნა ვარსკვლავთან ახლოს შეუძლებელია. ძლიერი გრავიტაცია, ვარსკვლავური რადიაცია და სასტიკი ვარსკვლავური ქარები შეუძლებელს ხდის ვარსკვლავის სიახლოვეს გაზის გიგანტი პლანეტის წარმოქმნისთვის საჭირო გაზის დაგროვებას.

თუკი ჯგუფის მიერ შექმნილი სიმულაციები მართებულია, ასტეროიდები ასევე გამოსადეგი წყარო იქნება გაზის გიგანტის შესახებ აქამდე უცნობ ინფორმაციათა მისაღებად.

იოჰანსენის თქმით, ტროიანი ასტეროიდების შესწავლით, ბევრი რამის გარკვევა შეგვიძლია იუპიტერის ბირთვის შესახებ.

2021 წლის ოქტომბერში, ამ ასტეროიდთა შესასწავლად ნასა მისია „ლუსის“ გაუშვებს.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია lunduniversity.lu.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.