სილვიო ბერლუსკონისთან დაკავშირებით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი ვრცელდება, სადაც, იტალიური მედიის ცნობით, ზელენსკიზე და დონბასზეა საუბარი
სილვიო ბერლუსკონისთან დაკავშირებით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი ვრცელდება, სადაც, იტალიური მედიის ცნობით, ზელენსკიზე და დონბასზეა საუბარი

იტალიური მედია ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან დაკავშირებით კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. მედიის ცნობით, ბერლუსკონი ჩანაწერში ამბობს, რომ „უკრაინამ მინსკის შეთანხმება ერთ წელიწადში სანაგვეზე მოისროლა, ზელენსკის მოსვლის შემდეგ კი დონბასის რესპუბლიკებზე თავდასხმები გასამმაგდა“.

გამოცემა „ლაპრესეს“ ინფორმაციით, პარტიის, „წინ იტალიას“ ლიდერის სიტყვით გამოსვლა პარტიის ასამბლეაზეა ჩაწერილი.

მასალის თანახმად, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2014 წელს მინსკში დაიდო სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასა და დონბასის ორ ახლად შექმნილ რესპუბლიკას შორის, რომლის მიხედვით ერთმანეთს თავს არავინ უნდა დასხმოდა.

როგორც მედია წერს, ბერლუსკონი ჩანაწერში აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ წელიწადში უკრაინამ ორი რესპუბლიკის საზღვრებზე შეტევა დაიწყო, რის შედეგად ორივე რესპუბლიკამ შვიდი ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანაპარტიელებთან საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლებაში ვოლოდიმირ ზელენსკის მოსვლის შემდეგ, თავდასხმები გასამმაგდა, რის გამოც მათ დახმარებისთვის ვლადიმერ პუტინს მიმართეს.

„ის ეწინააღმდეგება ნებისმიერ ინიციატივას, განიცდის ძლიერ ზეწოლას მთელი რუსეთის მხრიდან. შემდეგ კი ის გადაწყვეტს, გამოიგონოს სპეციალური ოპერაცია: ჯარები უნდა შევიდნენ უკრაინაში, ერთ კვირაში ჩასულიყვნენ კიევში, დაემხოთ ხელისუფლება, ზელენსკი და ასე შემდეგ და დაეყენებინათ მთავრობა, რომელიც უკვე არჩეულია უკრაინული უმცირესობის კეთილგონიერი და საღი აზრის მქონე ადამიანების მიერ, კიდევ ერთ კვირაში უკან გამოსულიყვნენ. ის უკრაინაში შევიდა და უკრაინელების წინააღმდეგობის გაუთვალისწინებელი და არაპროგნოზირებადი ვითარების წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც დასავლეთიდან ფულისა და იარაღის მიღება მესამე დღეს დაიწყო. ომი კი ორკვირიანი ოპერაციის ნაცვლად, ორასწლიან ომად იქცა. ასე რომ, ეს არის უკრაინის ომის სიტუაცია“, – ნათქვამია იტალიური მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

მედიის ცნობით, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ თუ არ იქნება ძლიერი ინტერვენცია, ომი არ დამთავრდება. სილვიო ბერლუსკონი შეხვედრაზე ამბობს, რომ აღარ არსებობენ ლიდერები არც ევროპაში და არც აშშ-ში.

მანამდე იტალიაში სილვიო ბერლუსკონის საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან კავშირები აღადგინა. დასავლური მედიის ცნობით, აუდიოჩანაწერი სავარაუდოდ გაკეთებულია შეხვედრაზე, სადაც ბერლუსკონი თავის თანაპარტიელ ახალ პარლამენტარებს ესაუბრა.