რატი იონათამიშვილი - დადასტურდა, რომ „ტვ პირველი“ ინფორმაციას იღებს რუსული სპეცსამსახურებიდან, შემდეგ კი დღის წესრიგს შლიან ხოშტარია და ის ადამიანები, რომლებიც ამხანაგობენ რუსულ რუბლებთან
რატი იონათამიშვილი - დადასტურდა, რომ „ტვ პირველი“ ინფორმაციას იღებს რუსული სპეცსამსახურებიდან, შემდეგ კი დღის წესრიგს შლიან ხოშტარია და ის ადამიანები, რომლებიც ამხანაგობენ რუსულ რუბლებთან

დადასტურდა, რომ „ტვ პირველი“ ინფორმაციას იღებს რუსული სპეცსამსახურებიდან, შემდეგ კი დღის წესრიგს შლიან ხოშტარია და ის ადამიანები, რომლებიც ამხანაგობენ რუსულ რუბლებთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ამით დადასტურდა ის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეები  ერთმანეთს უვრცელებდნენ ჩანაწერებს, მათ შორის, გვახსოვს გიული ალასანიას ჩანაწერი. რა აზრიც ამ ჩანაწერში იყო გამოთქმული, ფაქტობრივად, გაიმეორეს და დადასტურდა. კერძოდ ის, რომ „ტვ პირველი“ ინფორმაციას იღებს რუსული სპეცსამსახურებიდან, შემდეგ კი ამ საკითხზე დღის წესრიგს შლიან ხოშტარია და ის ადამიანები, რომლებიც ამხანაგობენ რუსულ რუბლებთან. ასევე, ამ ადამიანებისგან გვახსოვს, რომ თითქოს ფარულ ჩანაწერებზე კომენტარების გაკეთება არ შეიძლებოდა და ეს იყო ამორალური, მაგრამ ახლა ბრიფინგს ბრიფინგზე აწყობენ და საკუთარ ორმაგ სტანდარტს აჩევენებენ. ეს შეუმჩნეველი არ რჩება საზოგადოებას და ყველაფერს აფასებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საუბარია კრასნოდარის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარცხენა მხარეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე.

მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერში სასკანდალოს ვერაფერს ხედავს. მისივე თქმით, გრიგორი კარასინთან საუბარი შედგა გასული წლის ივნისში. „ჯერ ვერ მივხვდი, რა არის ჩანაწერში სასკანდალო, როცა საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით ფორსმაჟორული სიტუაციაა, ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აცხადებს აბაშიძე.