გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერი რუსი ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა, გერმანიაში ფაქტის გამოძიება დაიწყო
გერმანიაში გამოიძიებენ, როგორ აღმოჩნდა მაღალჩინოსანი სამხედროების საუბრის ჩანაწერი რუსი ჟურნალისტების ხელში. საქმე ეხება ჩანაწერს, რომელშიც გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი ინგო გერჰარტცი და გენერალი ფრანკ გრეფე, ბუნდესვერის ორ ოფიცერთან ერთად, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა „ტაურუსის“ გადაცემაზე საუბრობენ. ამ რაკეტების პოტენციურ სამიზნედ გერმანელი სამხედროები ყირიმის ხიდს ასახელებენ.
გერმანული მედიის ცნობით, აღნიშნული ჩანაწერი რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება „რაშა თუდეის“ მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამასთან უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერ ვერ იტყვიან, არის თუ არა ჩანაწერი დამონტაჟებული. მომხდარს უკვე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისი თქმით, საქმის გამოძიება უკვე დაწყებულია.
„ეს ძალიან სერიოზულია. ამიტომ იქნება ძალიან ფრთხილი, ინტენსიური და სწრაფი გამოძიება. ეს აუცილებელია“, – განაცხადა შოლცმა.
მარგარიტა სიმონიანის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ასევე საუბარია უკრაინელი პილოტების წვრთნებზე და განიხილავენ უკრაინელი სამხედროების მიერ „ტაურუსის“ რაკეტების მართვის შესაძლებლობებს, დამოუკიდებლად, გერმანელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის გარეშე.
საუბრის მონაწილეები მხოლოდ თეორიულად განიხილავენ უკრაინელი სამხედროების მიერ „ტაურუსის“ გამოყენებას. ერთ-ერთი სამხედრო ამბობს, რომ კანცლერს ამ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.
ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი არ გადასცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა „ტაურუსს“ და ამის მიზეზად დაასახელა, რომ მათ გამოყენებას უკრაინელები დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ, რის გამოც კანცლერი შიშობს, რომ გერმანია, შესაძლოა, ომში ჩაბმული აღმოჩნდეს.
როგორ მოხვდა გერმანელი სამხედროების საუბარი რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების მთავარ რედაქტორთან, ჯერ უცნობია. საუბრის მონაწილე ერთ-ერთი სამხედრო ამ დროს სინგაპურში იმყოფებოდა. გერმანული მედია ვარაუდობს, რომ მისი სასტუმროს ნომერში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული.
მომხდარს ასევე გამოეხმაურნენ მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბერლინისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.