ისტორიაში ყველაზე კაშკაშა სუპერნოვას გამომწვევი მიზეზი საბოლოოდ გარკვეულია
ისტორიაში ყველაზე კაშკაშა სუპერნოვას გამომწვევი მიზეზი საბოლოოდ გარკვეულია

სუპერმოელვარე სუპერნოვები ყველაზე კაშკაშა აფეთქებებია მთელ სამყაროში. სულ რამდენიმე თვეში, სუპერკაშკაშა სუპერნოვას შეუძლია გამოყოს იმდენივე ენერგია, რამდენსაც ჩვენი მზე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში გამოყოფს. აფეთქების პიკში კი, სუპერნოვა შეიძლება იმდენად კაშკაშა იყოს, რომ მთელი გალაქტიკა გადაანათოს.

სუპერკაშკაშა სუპერნოვებიდან (SLSN) ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილია ობიექტი, სახელად SN 2006gy. მისი წარმოშობა უცნობია, მაგრამ როგორც შვედი და იაპონელი მკვლევრები აცხადებენ, მათ სავარაუდოდ უკვე მიაგნეს მის გამომწვევ მიზეზს — კატაკლიზმური ურთიერთქმედება თეთრ ჯუჯა ვარსკვლავსა და მის პარტნიორ მასიურ ვარსკვლავს შორის.

SN 2006gy მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 238 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, პერსევსის თანავარსკვლავედის მიმართულებით, სპირალურ გალაქტიკა NGC 1260-ში. როგორც სახელიდანაც ჩანს, აღმოაჩინეს 2006 წელს და აქტიურად შეისწავლეს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის, კეკის ობსერვატორიისა და ასტრონომთა სხვა ჯგუფებმა.

SN 2006gy-ის აღმოჩენის დროს, კალიფრონიისა და ტეხასის უნივერსიტეტების ასტრონომთა ჯგუფს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ნათან სმიტი ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, ეს იყო საოცრად მონსტრული აფეთქება, ტიპურ სუპერნოვაზე ასობით უფრო ენერგიული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავი, რომელიც აფეთქდა, იმდენად მასიური უნდა ყოფილიყო, რამდენადაც ეს ვარსკვლავს შეუძლია, ჩვენს მზეზე დაახლოებით 150-ჯერ მეტი მასით. ასეთი რამ მათ მანამდე არასოდეს ენახათ.

ასტრონომები მაშინ ფიქრობდნენ, რო, ამ ტიპის ვარსკვლავები ძირითადად ადრეულ სამყაროში არსებობდნენ. შესაბამისად, როდესაც სწორედ ასეთი ვარსკვლავის აფეთქებას შეესწრნენ, ადრეული სამყაროს ერთ-ერთი ასპექტის შესწავლის უიშვიათესი შანსი მიეცათ.

მათი ყურადღება მხოლოდ SN 2006gy-დან წამოსულმა ენერგიამ როდი მიიქცია. სუპერკაშკაშა სუპერნოვამ წარმოაჩინა გამოსხივების ზოგიერთი უცნაური ხაზი, რომელმაც ასტრონომები მაშინ საგონებელში ჩააგდო. თუმცა, უკვე ახლა, ასტრონომები ფიქრობენ, რომ აღმოაჩინეს, თუ რა იდგა SN 2006gy-ის უკან.

მკვლევართა ჯგუფში შედიან ასტრონომები სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან, კიოტოს, ტოკიოსა და ჰოროსიმას უნივერსიტეტებიდან.

ჯგუფმა სპექტრში შენიშნა რკინის გამოსხივების ხაზები, რომლებიც სუპერნოვად აფეთქებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა. ამ ფენომენის ასახსნელად მათ რამდენიმე მოდელი იკვლიეს, ბოლოს კი ერთ მათგანზე შეჯერდნენ.

ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის მიერ გადაღებული SN 2006gy

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ასტრონომ ანდრეს ჯერკსტრანდის განცხადებით, არავის მოსვლია აზრად, SN 2006gy-ს დაუდგენელი გამოსხივების ხაზებთან შეედარებინა ნეიტრალური რკინის სპექტრი, ანუ რკინის, რომელსაც ყველა ელექტრონი შენარჩუნებული აქვს; ამის მიზეზი კი ის იყო, რომ როგორც წესი, რკინა იონიზებულია, ანუ აკლია ერთი ან მეტი ელექტრონი. მათ სწორედ ეს სცადეს და გაოცებასაც საზღვარი არ ჰქონდა, როცა იხილეს, თუ როგორ დაემთხვა დაკვირვებულ სპექტრში ხაზი ხაზს.

მისივე თქმით, ყველაფერი კიდევ უფრო ამაღელვებელი გახდა, როდესაც სწრაფად გამოჩნდა, რომ ამ ხაზების წარმოსაქმნელად საჭირო იყო ძალიან დიდი ოდენობით რკინა — სულ მცირე მზის მასის მესამედი, რაც პირდაპირ გამორიცხავდა ძველ სცენარებს და მიუთითებდა სრულიად ახალზე.

ამ ახალ სცენარში კი ჩართული უნდა ყოფილიყო სუპერნოვად განწირული ვარსკვლავი, რომელიც ურთიერთქმედებდა წინასწარ არსებული ცირკუმსტელარული მატერიის მკვრივ გარსთან.

ჯგუფის მიერ მიღებული შედეგების მიხედვით, SN 2006gy თავდაპირველად ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავი იყო. ერთი მათგანი გახლდათ დედამიწის ზომის თეთრი ჯუჯა. მეორე კი მასიური, წყალბადით მდიდარი ვარსკვლავი, რომელიც ზომით მთლიანი მზის სისტემის ტოლი იყო. სისტემა ერთმანეთის გარშემო მჭიდრო ორბიტაზე იყო ჩაჭედილი.

დიდი ვარსკვლავი ევოლუციის უკვე ბოლო ეტაპზე იყო და საწვავის ამოწურვასთან ერთად თანდათან ფართოვდებოდა. რაც უფრო ფართოვდებოდა მისი გარსი, თეთრი ჯუჯა ამ დიდ ვარსკვლავს შიგნით ექცეოდა და სპირალური მოძრაობით მისი ცენტრისკენ მიემართებოდა.

თეთრი ჯუჯას ამ სპირალური მსველელობის დროს, დიდი ვარსკვლავი საკუთარი გარსის ნაწილს კარგავდა. ეს ყველაფერი სუპერნოვად აფეთქებამდე თითქმის საუკუნით ადრე ხდებოდა. საბოლოოდ, თეთრმა ჯუჯამ დიდი ვარსკვლავის ცენტრს მიაღწია და არასტაბილური გახდა. ამის შემდეგ, ის Ia ტიპის სუპერნოვად აფეთქდა.

სუპერნოვას აფეთქების დროს, გამოტრყოცნილი მატერია გაფართოებულ გარსს მიეჯახა. სწორედ ამ ტიტანურმა შეჯახებამ წარმოქმნა SN 2006gy-ის წარმოუდგენელი სიკაშკაშე და გამოსხივების უცნაური ხაზები.

ჯერკსტრანდის თქმით, როგორც ჩანს, SN 2006gy-ს უკან სწორედ Ia ტიპის სუპერნოვა იდგა, რითაც თავდაყირა დგება ის თეორიები, რომლისაც მანამდე მრავალ მკვლევარს სჯეროდა.

როგორც ის განმარტავს, თეთრი ჯუჯა შეიძლება ახლო ორბიტაზე იყოს წყალბადით მდიდარ მასიურ ვარსკვლავთან, მის ბირთვზე დაცემისას კი სწრაფად აფეთქდეს; ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან ახალ ცნობებს სძენს ორმაგი ვარსკვლავის ევოლუციის თეორიას და თეთრი ჯუჯას აფეთქებისათვის საჭირო გარემო პირობებს.

SN 2006gy-ს უკიდურეს სიკაშკაშეს სხვა აფეთქებებიც მიუახლოვდნენ.

კიდევ ერთი სუპერნოვა, სახელად SN 2005ap, უფრო კაშკაშა იყო, ვიდრე SN 2006gy, მაგრამ მხოლოდ პიკის მომენტში. SN 2005ap-ის პიკმა მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანა. შემდეგი იყო SN 2015L, რომელიც ჯერ კიდევ კაშკაშებს; მართალია, ის სუპერკაშკაშა სუპერნოვას ჰგავდა, მაგრამ მისი ბუნება ასტრონომებს შორის ჯერ კიდევ განსჯის საგანია.

პიკის მომენტში, SN 2015L იყო ჩვენს მზეზე 570-მილიარდჯერ კაშკაშა და ირმის ნახტომის მთლიან სინათლეზე 20-ჯერ უფრო კაშკაშა.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.