დაფიქსირებულია ორმაგი ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება, ჩვენს სიცოცხლეშივე აფეთქდეს
დაფიქსირებულია ორმაგი ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება, ჩვენს სიცოცხლეშივე აფეთქდეს

ჩვეულებრივი შესახედაობის ვარსკვლავური სისტემას, რომელიც ღამის ცაზე ძლივს ჩანს, როგორც ჩანს, ძალიან კაშკაშა მომავალი ელოდება; თუ ასტრონომთა პროგნოზი გამართლდა, ზოგიერთმა ჩვენგანმა შეიძლება ეს საკუთარი თვალითაც იხილოს.

დღეისათვის, ისრის V იმდენად მკრთალი ვარსკვლავია, რომ ცაზე მისი მოძებნა საკმაოდ ძნელია საშუალო ზომის ტელესკოპითაც კი. თუმცა, უახლოეს ათწლეულებში ყველაფერი შეიცვლება, რადგან მეზობელი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი მას მატერიას პარავს.

ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტთა აზრით, ციურ სხეულთა ეს წყვილი ირმის ნახტომის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდება ჩვენს ცაზე, სირიუსზე კაშკაშაც კი, რომელსაც ამჟამად ეს სტატუსი უპყრია.

მოვლენა უახლოესი 60 წლის განმავლობაში მოხდება, შეიძლება ხვალვე. გამომდინარე იქიდან, რომ ვარსკვლავი და მისი ჯუჯა კომპანიონი ერთიანდება, მათი აფეთქება და შერწყმა გარდაუვალია, თანაც არც თუ ისე შორეულ მომავალში.

ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს ბრედლი შოფერის განცხადებით, დაახლოებით 2083 წლისთვის, კატასტროფულად მოიმატებს მისი აკრეციის მაჩვენებელი, წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებლით გადაღვრის საკუთარ მასას თეთრ ჯუჯაში.

მისივე თქმით, ამ პროცესის ფინალურ დღეებში, კომპანიონი ვარსკვლავის მთელი მასა თეთრ ჯუჯაში გადავა და წარმოიქმნება სუპერმასიური ქარი, რაც ისეთივე კაშკაშა გამოჩნდება, როგორც სირიუსი, შეიძლება, ვენერაზე კაშკაშაც კი.

ავტორთა აზრით, ამ აფეთქებამ შეიძლება წარმოქმნას ყველა დროის ყველაზე კაშკაშა ნოვა, თითქმის სუპერნოვას მსგავსად კაშკაშა.

ბოლოს მსოფლიომ ასეთი ექსტრემალური რამ დაახლოებით საუკუნის წინ იხილა, ისრის V ვარსკვლავური სისტემა ამ წარსულის აფეთქებისგან რამდენიმე დეტალით განსხვავდება.

თავის მხრივ, თეთრი ჯუჯები მკვდარი ვარსკვლავების ნაცარია, განწირულია შეუმჩნეველი ჩაქრობისთვის. მაგრამ როდესაც ისინი ბინარულ (ორმაგ) სისტემაში არიან ახლომდებარე ვარსკვლავთან ერთად, როგორიც მაგალითად არის ისრის V, მათ შეუძლიათ, რომ მეზობელ ვარსკვლავს გადარჩენისათვის საჭირო მატერია მოპარონ.

ეს საკმაოდ ჰგავს კლასიკურ ნოვას, რომელიც ხდება მაშინ, როცა თეთრი ჯუჯას ზედაპირს მეზობელი ვარსკვლავი იქამდე აცხელებს, ვიდრე ბირთვული სინთეზი დაიწყება.

ისრის V-ს მსგავსი ჯუჯა ნოვებს კატაკლიზმურ ცვალებადებს უწოდებენ და ხდება მაშინ, როცა ჩვეულებრივი ვარსკვლავი ბინარულ ორბიტაზე ნელ-ნელა გადაედინება თეთრ ჯუჯაში.

მთელ გალაქტიკაში სავარაუდოდ მილიონზე მეტი კატაკლიზმური ცვალებადია, მაგრამ როგორც ასტრონომები ამბობენ, ისრის V ყველაზე ექსტრემალურია ჩვენ მიერ ნანახთა შორის, დაახლოებით ასჯერ კაშკაშა სხვა ცნობილ მაგალითებთან შედარებით.

ამის მიზეზი კი სავარაუდოდ არის კომპანიონი ვარსკვლავის შესაფერისი ზომა, რომელიც დაახლოებით ოთხჯერ დიდია მის გამანადგურებელ მშიერ თეთრ ჯუჯაზე.

სხვა ცნობილ კატაკლიზმურ ცვალებადებში თეთრი ჯუჯა ჩვეულებრივ ვარსკვლავზე გაცილებით მასიურია, შესაბამისად, ისრის V უკიდურესად უნიკალურია.

ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიაში არსებული ძველი ფოტოების საშუალებით, ჯგუფმა ისრის V-ის წარსული სიკაშკაშეც გაზომა და შექმნა ვარსკვლავის დეტალური ისტორია 1890-იანი წლებიდან დღემდე.

ამ ქრონოლოგიის შეხედვისას ნათელი ხდება, რომ ისრის V თეთრი ჯუჯას გარშემო იმაზე სწრაფად ბრუნავს, ვიდრე გვეგონა, მიდის სულ უფრო ახლოს, იზრდება მატერიის გადაცემის მაჩვენებელიც, რაც საბოლოოდ, ძლიერ აფეთქებას გამოიწვევს.

ავტორთა გამოთვლების მიხედვით, იმის გამო, რომ ისრის V ძალიან დიდია, თეთრ ჯუჯაში მისი თითქმის მთლიანი მატერიის გადადინება შერწყმამდე ბოლო კვირების განმავლობაში დასრულდება და წარმოიქმნება ჯერ არნახული ვარსკვლავური ქარი.

ამ გამორჩეული ნოვას მოხდენის საბოლოო თარიღის დაზუსტებით თქმა ძნელია, მაგრამ ჯგუფის აზრით, ორი ვარსკვლავი ერთმანეთს 2067-2099 წლებს შორის შეერწყმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთმა ჩვენგანმა შეიძლება ეს შთამბეჭდავი მოვლენა საკუთარი თვალითაც იხილოს.

კაშკაშა ვარსკვლავის ხილვა ღამის ცაზე ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

მომზადებულია lsu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი