როგორ ანადგურებს ორი ვარსკვლავი ერთმანეთს - განსაცვიფრებელი ფოტო
როგორ ანადგურებს ორი ვარსკვლავი ერთმანეთს - განსაცვიფრებელი ფოტო

ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავის სიკვდილი შთამბეჭდავი, მაგრამ სასტიკი მოვლენაა.

ფოტოზე თქვენ ხედავთ R მერწყულს, წითელ გიგანტ ვარსკვლავს, რომელიც თავის გარე საფარს სივრცეში ისვრის. ამ მატერიას ხარბად სანსლავს მისი კომპანიონი — გაცილებით პატარა, მკვრივი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი.

თქვენ წინაშეა დრამატული მომენტი, რომელიც დედამიწიდან 650 სინათლის წლის მანძილზე ხდება, ასტრონომიული თვალსაზრისით პრაქტიკულად ჩვენს სამეზობლოში. სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ მოვლენამ ასტრონომებში ასეთი დიდი ინტერესი.

ამ ორი ვარსკვლავის ურთიერთქმედების დეტალური ფოტო ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ჩილეში განთავსებულმა ძალიან დიდმა ტელესკოპმა (VLT) გადაიღო.

მოვლენა საკმაოდ მშფოთვარე და სასტიკია. წითელი გიგანტი ე. წ. მირა ცვალებადის ტიპის ვარსკვლავია, ანუ ვარსკვლავი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ მომენტებს ითვლის. ამ სახის ვარსკვლავებს უკვე დაკარგული აქვთ თავიანთ მატერიის სულ მცირე ნახევარი, რის გამოც ისინი პულსირებენ და ჩვენს მზეზე 1000-ჯერ უფრო კაშკაშა ხდებიან.

სისტემის მეორე წევრი — თეთრი ჯუჯა, მკვდარი ვარსკვლავია, რომელმაც უკვე ამოწურა ბირთვული საწვავი, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ დაკავებულია, აქტიურად არის ჩართული საქმეში. კომპანიონი წითელი გიგანტის მატერია, რომელსაც ის ხარბად სანსლავს, მის ზედაპირზე აკუმულირდება, რაც ხანდახან უზარმაზარ თერმობირთვულ აფეთქებას იწვევს, რის შედეგადაც მისი მატერია კოსმოსში გაიტყორცნება.

ამ საოცრად სუფთა ფოტოზე ორივე ვარსკვლავი ჩანს სივრცეში მბრუნავი მატერიის ნაკადების ცენტრში. საბოლოოდ, ამ ბინარული სისტემის სიცოცხლე შეიძლება დასრულდეს კოლოსალური აფეთქებით, ანუ I a ტიპის სუპერნოვათი.

სრული გაფართოების ფოტო შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.