ისრაელმა მთვარეზე ხომალდი გაუშვა - რობოტი ორბიტაზე „სფეის იქსის“ რაკეტამ გაიტანა
ისრაელმა მთვარეზე ხომალდი გაუშვა - რობოტი ორბიტაზე „სფეის იქსის“ რაკეტამ გაიტანა

ფლორიდის კანავერალის კონცხიდან „სფეის იქსის“ რაკეტამ ისრაელური კოსმოსური ხომალდი კოსმოსში წაიღო; ორთვიანი ტურნე საბოლოოდ მთვარეზე დაჯდომით დასრულდება.

წარმატების შემთხვევაში, 9-მილიონიანი ისრაელი მეოთხე სახელმწიფო გახდება აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის შემდეგ, რომელმაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე კონტროლირებადი დაჯდომა განახორციელა.

გარდა ამისა, ეს პროექტი მთლიანად შემოწირულობებით განხორციელდა და წარმოადგენს პირველ კერძო მისიას მთვარეზე.

რობოტულ ხომალდს „ბერეშითი“ (წარმოქნმა) დაარქვეს. არის დაახლოებით სარეცხი მანქანის ზომის, იწონის 585 კილოგრამს. კოსმოსში იგი ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“-მ გაიყვანა.

„ვფიქრობთ, ცვლილებების დროა და ჩვენ გვსურს, პატარა ისრაელი მთვარეზეც გვქონდეს“, — აღნიშნავს იონათან ვაინტრობი, პროექტის ავტორი არაკომერციული ორგანიზაცია „სფეისილის“ თანადამფუძნებელი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაშვების პროცესს ქალაქ იეჰუდიდან, კონტროლის ცენტრიდან უყურებდა. ჯგუფს მიულოცა აპოლო-11-ის ასტრონავტმა ბაზ ოლდრინმა, რომელიც ნილ არმსტრონგთან ერთად პირველი ადამიანი იყო, ვინც მთვარეზე იმყოფებოდა.

მთვარის პილოტირებულ მისიებს დასაჯდომად დაახლოებით სამი დღე სჭირდებათ, მაგრამ ისრაელის ზონდი წრიული გზით წავიდა.

„ბერეშითი“ დედამიწის ორბიტაზე გაშვებიდან 34 წუთის შემდეგ გავიდა. იგი დედამიწის გარშემო რამდენიმე ელიფსურ ორბიტას შეასრულებს, რამდენიმე კვირაში კი მთვარის გრავიტაციულ ველს გადაკვეთს. მისი შემქმნელი კომპანიის გეგმის მიხედვით, ხომალდი მთვარის ზედაპირზე 11 აპრილს უნდა დაჯდეს.

ავტომატიზებული დაჯდომის შემდეგ, ოთხფეხიანი ხომალდი გადაიღებს დაჯდომის ადგილს, მთვარის მუქ რეგიონს, რომელსაც სიმშვიდის ზღვას უწოდებენ. ამავე დროს, გაზომავს მაგნიტურ ველებს. ზონდი მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იმუშავებს, შემდეგ კი გაითიშება.

ხომალდში მოთავსებულია მონეტის ზომის ციფრული დროის კაფსულა, რომელშიც ჩაწერილია ბიბლია, ბავშვების ნახატები, ისრაელის ეროვნული ჰიმნი და დროშა, ასევე ჰოლოკოსტს გადარჩენილთა მოგონებები.

„ბერეშითი“ „სფეისილმა“ სახელმწიფოს კუთვნილ ორგანიზაცია ისრაელის აეროკოსმოსურ ინდუსტრიასთან ერთად ააგო; ღირებულება სულ რაღაც 70 მილიონი დოლარია, რაც საკმაოდ მცირე თანხაა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის მისიების ღირებულებასთან შედარებით.

პროექტის მთავარი დამფინანსებელია სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ისრაელელი მილიარდერი მორის კაჰნი. ჯამში 24 მილიონი დოლარი გაიღეს აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ და სამორინეების მფლობელმა მირიამ ადელსონმა.

„ბერეშითთან“ ერთად, „სფეის იქსის“ რაკეტამ ორბიტაზე ასევე გაიყვანა ინდონეზიის საკომუნიკაციო თანამგზავრი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატესტო თანამგზავრი.

დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიტანის შემდეგ, „სფეის იქსის“ მრავალჯერადი გამოყენების გამშვები რაკეტა დედამიწაზე, ატლანტის ოკეანეში მდგარ დრონ-გემზე დაბრუნდა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი